"ბარსელონას" ისტორია


„ბარსელონა“ არ შეიძლება მოკვდეს. და არც მოკვდება. თუ ახლა არავინ მოისურვებს კლუბის საქმეებით დაკავებას, ამას პირადად მე ვიზამ", - ჟოან გამპერი

დაარსება


1899 წლის 22 ოქტომბერს ჟოან გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის დაარსება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს „ხიმნასიო სოლეში“ პირველი შეკრება გაიმართა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერ უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პარსონსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“.

„ბარსა“ მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად „ბარსელონა“ კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს „ბარსელონამ“ პირველი ტიტული „კოპა მაკაი“ მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც „ვისკაისთან“ დამარცხდა (1:2).

1908 წელს კლუბის ერთ-ერთი თანადამაარსებელი და მისი ყოფილი ფორვარდი ჟოან (ჰანს) გამპერი გახდა კლუბის პირველი პრეზიდენტი. ეს მოხდა მაშინ, როცა კლუბი დაცემის პირას იყო: 1905 წელს კატალონიის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ კლუბს 3 წლის განმავლობაში არც ერთი ტიტული არ მოეგო, მისი ფინანსური მდგომარეობა კი სწრაფად უარესდებოდა. საბოლოოდ გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანობაში 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა „ბარსელონასთვის“ სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი სტადიონ „კარერ ინდუსტრიაზე“ (Carrer Indústria) გადაბარგდა, რომელიც 8 000 მაყურებელს იტევდა.

გამპერმა ასევე კლუბის გაფართოება დაიწყო და 1922 წლისთვის მისი წევრების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

იმავე წელს „ბარსამ“ კვლავ შეიცვალა საშინაო არენა და „Les Corts-ზე“ გადაბარგდა; ამ სტადიონის თავდაპირველი ტევადობა იყო 22 000 მაყურებელი, მაგრამ შემდეგ ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.

1912 წელს გამპერმა კლუბში მოიყვანა ფილიპინელ-ესპანელი ფორვარდი პაულინო ალკანტარა, რომელმაც მოგვიანებით ამ გუნდს თავისი კარიერის 13 წელი (1912—1916, 1918—1927) მისცა და რომელმაც ამ დროის განმავლობაში 357 გოლი გაიტანა, რითიც კლუბის ისტორიაში დღემდე საუკეთესო ბომბარდირად რჩება.

1917 წელს გამპერის მოწვევით „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი გუნდის ყოფილი მოთამაშე, ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რომელიც გუნდს 1924 წლამდე წვრთნიდა. ამ ზომებმა კლუბში სიტუაცია გააუმჯობესა. საბოლოოდ ჟოან გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში „ბარსელონამ“ 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ „პირენეის თასი“.ეს იყო კლუბის პირველი „ოქროს საუკუნე“. იმ დროისთვის „ბარსას“ შემადგენლობაში ალკანტარას გარდა ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ემილიო საგი ლინიანი (იგივე საგი-ბარბა), ხოსეპ სემიტიერი, ფელიქს სესუმაგა, ფრანც პლიატკო და უდიდესი მეკარე რიკარდო სამორა. თუმცა სამორა „ბარსაში“ რამდენიმეწლიანი თამაშის შემდეგ გადავიდა მის მეტოქე „ესპანიოლში“.

ესპანეთის სამოქალაქო ომი და „ბარსელონა“


ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ ფრანკოს მიერ დამყარებულ დიქტატორული პირობებში კატალანური ენა და დროშა აიკრძალა (რაც სეპარატიზმთან ბრძოლასთან იყო დაკავშირებული). ასევე საფეხბურთო კლუბებს აეკრძალად არაესპანური სახელწოდებების გამოყენება. საბოლოოდ, 1941 წელს გუნდი იძულებული იყო, სახელწოდება შეეცვალა ძველი „Football Club Barcelona-დან“ (რომელიც ინგლისურენოვანი სახელწოდება იყო) ახალ, „სწორ“ ესპანურ „Club de Fútbol Barcelona-ზე“; ამ სახელწოდების ქვეშ კლუბი 33 წლის განმავლობაში არსებობდა. გარდა ამისა, კლუბის გერბიდან კატალონიური დროშაც ამოიღეს. ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ სტადიონზე შეეძლო კატალონიურ ენაზე საუბარი.

1943 წელს საშინაო სტადიონ „ლეს კორტსზე“ გენერალისიმუსის თასის („Copa del Generalísimo“ — ასე ეწოდება ახალი ხელისუფლების მიერ მაშინ ესპანეთის თასს, რომელსაც მანამდე მეფის თასი ერქვა) პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებით მატჩში „რეალმა“ „ბარსელონა“ ანგარიშით 11:1 დაამარცხა.

რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად „ბარსელონა“ მაინც ახერხებდა დიდი წარმატებების მიღწევას 1940-იან და 1950-იან წლებში. 1945 წელს კლუბმა 1929 წლის შემდეგ პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებული შემადგენლობის მწვრთნელი მაშინ იყო ხოსეპ სამიტიერი. გუნდში იმ დროისთვის თამაშობდნენ ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან: სესარ როდრიგესი, ანტონიო რამალეტსო და ხუან ველასკო.

1948-49 წლებში გუნდმა კიდევ 2 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1949 წელს „ბარსელონამ“ პირველად მოიგო „Copa Latina“.

50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის — ფერნანდო დაუჩიკისა და „ბარსას“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის — ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო, მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი (რომელსაც იმ დროს ოფიციალურად ეწოდებოდა „Copa del Generalísimo“, გენერალისიმუსის, ანუ ფრანკოს თასი), „Copa Latina“ (ლათინური თასი), ესპანეთის სუპერთასი (მაშინ ეწოდებოდა ევა დუარტეს თასი ევა დუარტე დე პერონის პატივსაცემად) და მარტინი როსის თასი. 1953-ში გუნდმა გააკეთა დუბლი და გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატსა და „Copa del Generalisimo-ზე“. ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში „ბაზრობათა თასს“ (ახლანდელ ევროპის ლიგას) დაეუფლა.


ლუის სუარესიდან იოჰან კრუიფამდე


1960 - იანი წლების დასაწყისში გუნდში გამოჩნდა ლუის სუარესი, რომელიც რომელიც 1960 წელს ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, და კუბალას მიერ ლეგენდარული „ოქროს გუნდიდან“ მიწვეული 2 უნგრელის, შანდორ კოჩიშისა და ზოლტან ჩჟიბორის მეშვეობით, რომლებმაც სამშობლო დატოვეს მას შემდეგ, რაც სსრკ-მ და ე. წ. „სახალხო დემოკრატიის“ ქვეყნებმა უნგრეთის აჯანყება ჩაახშო. ამ შემადგენლობით „ბარსამ“ კიდევ ერთხელ შეასრულა ეროვნული დუბლი 1959 წელს (ესპანეთის ჩემპიონატი და თასი), ხოლო 1960-ში თავის ისტორიაში მეორედ დაეუფლა ბაზრობათა თასს და კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ეროვნულ პირველობაში. 1961 წელს „ბარსელონა“ გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან მადრიდის „რეალი“ გამოაძევა, რითიც ბოლო მოუღო მადრიდელების ექვსწლიან მონოპოლიას ამ ტიტულზე. ჩემპიონთა თასის ფინალი ბერნში გაიმართა, სადაც ესპანელებმა პორტუგალიურ „ბენფიკასთან“ დათმეს ანგარიშით 2:3.

1973-74 წლების სეზონზე გუნდს შეემატა ადამიანი, რომელიც „ბარსას“ ახალი ლეგენდა გახდა — ნიდერლანდელი ფორვარდი იოჰან კრუიფი. „ბარსელონამ“ იმ პერიოდის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფი, რომელმაც უკვე ამსტერდამის „აიაქსში“ გაითქვა სახელი, მალევე შეერწყა გუნდს და მისი ლიდერიც გახდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რეალს“ იმის გამო არჩია „ბარსელონა“, რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. მოგვიანებით მან თავის ვაჟს კატალონიური სახელი ჟორდი დაარქვა. კრუიფის წყალობით 60-იანი წლების შემდეგ „ბარსელონამ“ პირველად მოიგო ესპანეთის პრიმერა, ამასთან ერთად ელ კლასიკოში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაანადგურა მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 5:0, სადაც ჰოლანდიელი მატჩის მთავარი გმირი გახდა. „ბარსელონაში“ თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. 1978 წელს კრუიფმა დატოვა კლუბი და გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ნუნიესის ეპოქა და მარადონას მისვლა გუნდში


1978 წელს „ბარსას“ პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესი აირჩიეს. ამ პოსტზე მისი მთავარი მიზანი „ბარსელონას“ მსოფლიო დონის კლუბად გადაქცევა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო.

ნუნიესის პრეზიდენტობის ეპოქაში „ბარსამ“ ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი — 1979 (ფინალში დამატებით დროში შეძლო დიუსელდორფის „ფორტუნას“ დამარცხება) და 1982 (ფინალში მშობლიურ „კამპ ნოუზე“ „ბარსამ“ დაამარცხა ლეჟის „სტანდარდი“ ანგარიშით 2:1) წლებში; გარდა ამისა გუნდმა ამ პერიოდში სამჯერ მოიგო მეფის თასი (1980/81, 1982/83, 1987/88).

1982 წლის ივნისში გუნდი გააძლიერა დიეგო მარადონამ, რომელიც აქ არგენტინულ გუნდ „ბოკა ხუნიორსიდან“ გადმოვიდა იმ დროისთვის სარეკორდო თანხად — 3 მლნ ფუნტ სტერლინგად. თუმცა ახალგაზრდა დიეგოს კარიერა „ბარსელონაში“ ვერ აეწყო, ამიტომ მალევე,ინ 1984 წელს, სუპერვარსკვლავი (რომელმაც 1983 წელს „კოპა დელ რეიზე“ გუნდის გამარჯვებას „შეუწყო ხელი“) იყიდა იტალიურმა კლუბმა „ნაპოლიმ“ და დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი (£ 5 მლნ.).

1984-85 წლების სეზონის დაწყებამდე კლუბის მწვრთნელად დაინიშნა ინგლისელი ტერი ვენეიბლსი. ასევე კლუბში მოვიდა გერმანელი ნახევარმცველი ბერნდ შუსტერი. ამავე წლების სეზონზე გუნდმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, შემდეგ სეზონზე კი მიაღწია ჩემპიონთა თასის ფინალს, სადაც სევილიაში სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ დამარცხდა რუმინულ „სტიაუასთან“ (0:2 მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში).

1986 წლის ზაფხულზე კლუბში მოვიდა ყოფილი ბომბარდირი გარი ლინეკერი და პერსპექტიული ბასკი მეკარე ანდონი სუბისარეტა. ამავე პერიოდში გუნდი დატოვა ბერნდ შუსტერმა, რომელიც გადავიდა „ბარსას“ უპირველესი მეტოქის — მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში. 1987-1988 წლების სეზონის დაწყებამდე კლუბის მწვრთნელი ვენეიბლსის ნაცვლად გახდა ლუის არაგონესი. ის სეზონი დამთავრდა ესპანეთის თასის გამარჯვებითა (ფინალში „ბარსამ“ დაამარცხა „რეალ სოსიედადი“ ანგარიშით 1:0) და მოთამაშეების მიერ პრეზიდენტ ნუნიესის წინააღმდეგ აჯანყებით, რომელიც ცნობილია, როგორც „მოტივ-დელ-ესპერია“ და რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, ხელი არ შეუშლია ნუნიესის შემდგომ მოღვაწეობას ამ პოსტზე (ის კლუბის პრეზიდენტი 2000 წლამდე იყო). ამ მოვლენის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი იძულებული გახდა, კლუბი დაეტოვებინა.


კრუიფის დაბრუნება და პირველი ჩემპიონთა თასი


1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის როლში დაბრუნდა. გუნდის შემადგენლობამ, რომელსაც იგი სათავეში ჩაუდგა, ოდნავ მოგვიანებით, 1990-იან წლებში, მიიღო ზედმეტსახელი „ოცნების გუნდი“ („Dream Team“) (იმ წლების აშშ-ის კალათბურთის ნაკრების ანალოგიურად, რომელმაც გაიმარჯვა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც სწორედ ქალაქ ბარსელონაში გაიმართა).

იმ პერიოდის „ბარსელონაში“ მოვიდა შესანიშნავი მოთამაშეების პლეადა: ამორი, ჟოზეპ გვარდიოლა, ხოსე მარი ბაკერო, ჩიკი ბეგირისტაინი, ნადალი, ეუსებიო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიკაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო.

1991—1994 წლებში „ბარსამ“ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ევროპის არენაზე გუნდმა მოიგო 1988-1989 წლების თასების მფლობელთა თასი (ფინალში დაამარცხა „სამპდორია“ ანგარიშით 1:0) და 1991-92 წლების ჩემპიონთა თასი (დრამატულ მატჩში უემბლიზე „ბარსამ“ იმავე „სამპდორიის“ დამარცხება მოახერხა, გადამწყვეტი გოლი საჯარიმო დარტყმიდან თამაშის 111-ე წუთზე გაიტანა რონალდ კუმანმა). გარდა ამისა, საკლუბო ჯილდოების კოლექცია შეივსო ესპანეთის თასით (1990), უეფა-ს სუპერთასით (1992) და სამი ესპანეთის სუპერთასით. 1992 წელს ტოკიოში გუნდი საკონტინენტთაშორისო თასზე ფინალში დამარცხდა „სან-პაულუსთან“ ანგარიშით 1:2.

თუმცა მალევე გამარჯვებების სერია დასასრულს მიუახლოვდა. 1993-94 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათენში „ბარსა“ გაანადგურა „მილანმა“ ანგარიშით 0:4. ეს გახდა პირველი სერიოზული მარცხი უკანასკნელი წლების განმავლობაში. 1996 წელს, ორი არცთუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ (1994-95, 1995-96), კრუიფმა დატოვა მწვრთნელის პოსტი. ამ პოსტზე კრუიფმა დაამყარა კლუბის ორი სამწვრთნელო რეკორდი: მან ყველაზე მეტ ხანს — 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა „ბარსას“ და მოიგო 11 ტიტული. კრუიფის წასვლა ითვლება „ოცნების გუნდის“ დასასრულად, იმ ლეგენდარული შემადგენლობის ფეხბურთელების უმეტესობა 1997 წლის დასაწყისში გუნდიდან წავიდა.


რაიკაარდის ეპოქა, რონალდინიო და ლეო მესის გამოჩენა


2003 წელს გასპარის წასვლის შემდეგ კლუბს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რეიკარდი, „აიაქსისა“ და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი.

მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ძველი დიდების დაბრუნება. კლუბში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მსოფლიო ჩემპიონი რონალდინიო, დეკუ, ოლიმპიური ჩემპიონი სამუელ ეტო’ო, რაფაელ მარკესი. გარდა ამისა ამ დროისთვის თავისი ნიჭი სრულად გამოავლინეს კლუბის აღზრდილებმა: ლიონელ მესიმ, კარლეს პუიოლმა (რომელმაც კაპიტნის სამკლაური მიიღო), ნახევარმცველებმა ანდრეს ინიესტამ და ჩავიმ, ასევე მეკარე ვიქტორ ვალდესმა. გუნდში ასევე მოვიდნენ გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი და ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი. ამ შემადგენლობით „ბარსელონამ“ უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.

რეიკარდის პირველ სეზონზე (2003-04) გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, უკვე მეორე სეზონისთვის კი (2004-2005) დამაჯერებლად გაიმარჯვა პრიმერაში და ესპანეთის სუპერთასიც აიღო. „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. იმავე სეზონზე რონალდინიო, „ბარსას“ შეტევის ლიდერი, გახდა მსოფლიოს წლის ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით და მიიღო ოქროს ბურთი.

„ბარსას“ ფეხბურთელები აღნიშნავენ ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებას 2004-2005 წლების სეზონზე ჩემპიონთა ლიგაზე 2004-05 წლებში გუნდმა მარცხი განიცადა: პლეი-ოფის პირველივე რაუნდზე ლონდონის „ჩელსისთან“ საშინაო მოგების შემდეგ (2:1) კატალონიელები „სტემფორდ ბრიჯზე“ დამარცხდნენ ანგარიშით 4:2 (საერთო ანგარიში 5:4 ლონდონელების სასარგებლოდ).

2006 წელს გუნმა მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2006 წლის 17 მაისი, როდესაც პარიზში, „სტად-დე-ფრანსზე“ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დრამატულ მატჩში ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა 2:1. ის მატჩი თავიდან კატალონიელებისთვის წარუმატებლად დაიწყო (37-ე წუთზე ანგარიში გახსნა მეთოფე სოლ კემპბელმა), თუმცა შემდეგ ლონდონელებს დაეტყოთ მათი რიგებიდან მატჩის დებიუტში მოედნიდან გაძევებული მეკარე იენს ლემანის არყოფნა. „არსენალი“ დაცვაზე გადაერთო და მატჩის დასასრულში „ბარსამ“ მაინც მოახერხა მოწინააღმდეგის კუთხეში მოქცევა. თავი გამოიჩინეს სამუელ ეტო'ომ და ჟულიანო ბელეტიმ. ორივეჯერ მათ საგოლე პასი ჰენრიკ ლარსონმა გადასცა. იმ ღამით ქალაქ ბარსელონას ქუჩებში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლეო მესი. არგენტინელმა ტალანტმა უდიდესი ყურადღება მიიქცია და უკვე ცხადი ხდებოდა, რომ მალე იგი მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე აღმოჩნდებოდა.


პეპ გვარდიოლას ერა - გადატრიალება ფეხბურთში


ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გუნდში კრიზისული პერიოდი დადგა. 2008-09 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას, მან და „ბარსელონას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად „ბარსას“ წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი — პეპ გვარდიოლა მოიწვიეს. გვარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ და მხოლოდ „ბარსელონა B-ს“ მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა, ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა. გვარდიოლას მოსვლასთან ერთად დაიწყო გუნდის შემადგენლობის განახლება. გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ, დეკუმ, ედმილსონმა, ლილიან ტურამმა, ესკერომ და რონალდინიომ. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას. დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდუ კეიტაზე, ჟერარდ პიკეზე, მარტინ კასერესზე, დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე.

1998 წლის შემდეგ „ბარსელონამ“ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე, რომელიც გაიმართა 2009 წლის 13 მაისს ვალენსიაში, სტადიონ „მესტილიაზე“ და „ბარსელონამ“ დაამარცხა ბილბაოს „ატლეტიკი“ ანგარიშით 4:1. გუნდმა 25-ედ მოიპოვა ეს ტიტული. მე-8 წუთზე გაისკი ტოკეროს მიერ გატანილი გოლის საპასუხოდ კატალონიელებმა ოთხი ბურთი შეაგდეს — იაია ტურეს, ლიონელ მესის, ბოიან კრკიჩისა და ჩავის შესრულებით. „მესტილიაზე“ გამარჯვება „ბარსასთვის“ მე-100 ტიტული გახდა კლუბის ასწლიანი ისტორიის განმავლობაში.

კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამდენიმე დღეში მადრიდის „რეალი“ „ვილიარეალთან“ დამარცხდა. ამ შედეგმა „ბარსელონა“ კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში „ბარსამ“ მე-19-ედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. მაგრამ „ბარსას“ წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსამ“ მარტივად დაძლია ჯგუფური ეტაპი, შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად, მეორე თამაშში „ლიონის“ ანგარიშით 5:2 დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნხენის „ბაიერნი“. ნახევარფინალში „ბარსას“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იყო. 21-ე საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა, მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში „ჩელსის“ მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი „სტემფორდ ბრიჯზე“ უნდა გადაწყვეტილიყო. „ჩელსი“ მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს. „ჩელსის“ დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში „ბარსელონამ“ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ ელოდა „ბარსასგან“ რაიმე სასწაულს. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა. დარტყმის შედეგი „ჩელსის“ გულშემატკივრებისთვის ტირილის, ხოლო „ბარსას“ გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის საბაბი გახდა. დარჩენილ წამებში „ჩელსიმ“ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში „ბარსელონა“ გავიდა.

27 მაისს „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა, სადაც „ბარსელონას“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო. ისევე, როგორც წინა ორ ტურნირში, გადამწყვეტ მატჩში „ბარსელონამ“ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას, რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო. ცუდი სტარტის მიუხედავად „ბარსამ“ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო, უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე, როგორც სულ რამდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში. ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს „ბარსას“ დაცვას. სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ „მანჩესტერისთვის“ მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. შედეგად „ბარსელონა“ 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ამგვარად კლუბმა გააკეთა ტრიპლეტი, რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს: მეფის თასი, ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. ეს შედეგი ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო.


გვარდიოლას ბოლო წლები და ახლანდელი დრო


გვარდიოლასთვის მომდევნო სეზონებიც წარმატებული აღმოჩნდა. 2010 წელს გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2011 - ში თავისი მწვრთნელობის ეპოქაში პეპი მეორედ იგებს ჩემპიონთა ლიგას ლა ლიგის ტიტულთან ერთად, ხოლო კოპა დელ რეის ფინალში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" წააგო. 2012 წელი უკანასკნელია გვარდიოლასთვის. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან "ჩელსიმ" გამოთიშა, ვერ აჯობა "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატში და მხოლოდ კოპა დელ რეის დასჯერდა. საერთო ჯამში 4 წლიან პერიოდში ესპანელმა სპეციალისტმა "ბლაუგრანას" 14 ტიტული მოუტანა.

2012 წლის ზაფხულში, გვარდიოლას წასვლას შემდეგ, გუნდს სათავეში ჩაუდგა მისი ასისტენტი — ტიტო ვილანოვა. ვილანოვამ 2013 წელს "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა, თუმცა თავად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 2013 წლის 19 ივლისს კლუბის პრეზიდენტის, სანდრო როსელისა და კატალონიელების სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას მიერ ჩატარებული პრეს-კონფერენციაზე გამოცხადდა ვილანოვას „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის ამბავი, რაც დაკავშირებული იყო ჯანმრთელობის პრობლემებთან. საბოლოოდ, რამდენიმე წელში კიბოთი დასნეულებული ტიტო ვილანოვა გარდაიცვალა.

2013 წელს "ბარსელონა" ხერარდო მარტინომ ჩაიბარა. არგენტინელი სპეციალისტისთვის ეს პირველი ევროპული სეზონი იყო და საბოლოოდ ყველაფერი კრახით დასრულდა. 6 წლიანი პაუზის შემდეგ "ბარსელონამ" სეზონი უტიტულოდ დაასრულა და მარტინოც დაკავებული თანამდებობიდან გაუშვეს.

2014 წლიდან კი გუნდის ისტორიაში ახალი ერა იწყება. "ბარსელონას" სათავეში ლუის ენრიკე მოვიდა. ენრიკეს მოსვლას გუნდში დიდი შემტევი ტრიოს - ნეიმარის, ლუის სუარესისა და ლეო მესის დომინირება ერთვოდა თან. 2015 წელს "ბარსელონამ" ყველა ტიტული მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა, გოლების გატანა ივან რაკიტიჩმა, ლუის სუარესმა და ნეიმარმა მოახერხეს. იმავე წელს ლეო მესი მე-5-ედ დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.

2016 წელს ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ესპანური დუბლი მოუტანა, გუნდმა ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა მეოთხედფინალში.

2017 წელის ენრიკესთვის ბოლო აღმოჩნდა. "ბარსელონამ" კვლავ მოახერხა კოპა დელ რეის მოგება, ხოლო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული იმ წელს მადრიდის "რეალმა" დაისაკუთრა, რომელსაც ზინედინ ზიდანი ედგა სათავეში.

ამჟამად "ბარსელონას" მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეა, რომელმაც თავისი პირველი სეზონი ესპანეთის ჩემპიონატისა და თასის მოგებით დააგვირგვინა, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან მისი გუნდი "რომამ" გამოთიშა.
шаблоны для dle
რეკლამა
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სუარესი, რობერტო, რაფინია, უმტიტი

რეკლამა
შემოგვიერთდით
მულტიმედია