5 თვის და 2 კვირის წინ
გაგიჟება საჭირო არ არის - რაზე თანხმდებიან "ბარსელონაში"
გაგიჟება საჭირო არ არის - რაზე თანხმდებიან "ბარსელონაში"

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კრიზისული პერიოდი უდგას. კატალონიელებმა უკანასკნელი 3 მატჩიდან 2 წააგეს და ეს საკმარისი გახლდათ, რათა კლუბში განგაშის ზარებისთვის შემოეკრათ.

იმის თაობაზე, თუ როგორ დაძლევენ ამ ეტაპს "ლურჯ-ბროწეულისფერნი", Mundo Deportivo წერს. ესპანური გამოცემის დღევანდელ სტატიაში ვკითხულობთ:

"ფეხბურთელებისთვის "რეალთან" მარცხი დიდი ემოციური დარტყმა იყო და მათ თვითრწმენაზე ამან სერიოზულად იმოქმედა, რადგან ძალიან კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში გუნდმა თამაშის კონტროლი დაკარგა.

ჩავისა და მოთამაშეებს შორის ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე დადგინდა, რომ ფეხბურთელებმა ბურთის დაკარგვას მეტი ინტენსივობითა და მეტოქის წნეხში მოქცევით უნდა უპასუხონ. იგივე უნდა მოხდეს მაშინაც, როცა მოწინააღმდეგე სიღრმიდან ეცდება შეტევის დაწყებას.

"ბარსელონაში" ამბობენ, რომ შემადგენლობაში არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არ არიან ის ვარსკვლავები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოებს შეეძლებათ. ლევანდოვსკი, მაგალითად, დიდებული მეომარია, თუმცა სჭირდება, რომ ბურთი სწორ პოზიციაზე თანაგუნდელებმა მიაწოდონ.

მოთამაშეებმა გაიაზრეს, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და თვითრწმენა აღიდგინონ. თითოეული ფეხბურთელი ახლა საკუთარი თავისადმი უფრო მომთხოვნი და ფოკუსირებული იქნება.

"ბარსაში" ასევე გადაწყვიტეს, რომ სრულად დისტანცირდნენ ყველაფერი იმისაგან, რაც გუნდის მიღმა ითქმება ხოლმე (იქნება ეს პრესის თუ ქომაგების მიერ).

კატალონიურ გრანდში "გაგიჟების" აუცილებლობას ვერ ხედავენ. მათ კარგად იციან, რომ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ბრუნდებიან ტრავმიდან და სათამაშო რითმის პოვნა სჭირდებათ, და ასევე არიან მოთამაშეები, რომლებსაც სხვების არყოფნაში ზედმეტად ხშირად მოუწიათ თამაში და ძალების აღდგენას საჭიროებენ."

ჩავის ბიჭებს სურათის შეცვლის საშუალება მომავალი უქმეებიდანვე შეეძლებათ. კვირას "ბარსელონა" "ალავესს" დაუხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები