2 თვის და 1 კვირის წინ
ჩავის მოთმინების ფიალა აევსო - მწვრთნელის გადაწყვეტილება
ჩავის მოთმინების ფიალა აევსო - მწვრთნელის გადაწყვეტილება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა თავის ფეხბურთელებს ნახევარი სეზონი მისცა, რათა მისთვის საკუთარი შესაძლებლობები ეჩვენებინათ, ახლა კი "მაესტრო" რადიკალურ ზომებზე გადადის. ამის შესახებ მადრიდული Marca იუწყება.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭემ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელების ფასსა და სტატუსს ყურადღება აღარ მიაქციოს და როდესაც საჭიროებას დაინახავს, ისინი სათადარიგოთა სკამზე გადასვას.

Marca წერს, რომ ეს პირველებს რობერტ ლევანდოვსკისა და ჟოაუ ფელიქსს შეეხებათ.

აღნიშნულის მიზეზი ის გახლავთ, რომ უბურთოდ ვერც პოლონელი მოქმედებს ისე, როგორც ჩავის უნდა, და ვერც პორტუგალიელი. გუნდური პრესინგისას ეს ფეხბურთელები არსებულ ამოცანებს ჯეროვნად ვერ ასრულებენ.

ფელიქსისთვის მკაფიო სიგნალი "ლას პალმასთან" მატჩის სკამიდან დაწყება გახლდათ. სხვათა შორის, მის ნაცვლად მოთამაშე ფერან ტორესმა გუშინ გოლი გაიტანა, რაც ესპანელის პოზიციებს უფრო ამყარებს. რაც შეეხება ლევანდოვსკის, იგი მოედნიდან 70-ე წუთზე გაიყვანეს, როცა ანგარიში 1-1 იყო - ჩავის უკმაყოფილების გამოსახატად ეს ფაქტიც კმარა.

ასე რომ, თუ რობერტი და ჟოაუ თავიანთ თამაშში რამეს არ შეცვლიან, სათადარიგოთა სკამს უფრო და უფრო გაუშინაურდებიან.


Facebook კომენტარები