1 წლის და 1 თვის წინ
"მესი ამას იმსახურებს" - რას ამბობდა პელე სიცოცხლის ბოლო დღეებში
"მესი ამას იმსახურებს" - რას ამბობდა პელე სიცოცხლის ბოლო დღეებში

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ქალიშვილმა კელი კრისტინა ნასიმენტომ საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც მამამისის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებსა და არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობას ეხება.

როგორც ნასიმენტო სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში გვიყვება, ეს ამბავი მან მესის ყურამდე ლეოს მეუღლის, ანტონელა რაკუცოს პირით მიიტანა. ანტონელას კრისტინა პარიზში, The Best-ის დაჯილდოებაზე შეხვდა.

"როცა ბრაზილიამ ხორვატიასთან წააგო, მამაჩემის მდგომარეობა უკვე გაუარესებული იყო. ყველას სურდა, რომ ბრაზილიის ნაკრებს თასი პელეს გულისთვის მოეგო. ყველაზე მეტად ეს თავად ნაკრების ფეხბურთელებს უნდოდათ. თუმცა, მამაჩემს ფეხბურთი უმეტესობაზე უკეთ ესმოდა და იგი ყოველთვის ამბობდა, რომ გამარჯვების შანსი ნებისმიერ გუნდს ჰქონდა და მას სწორედ ამის გამო უყვარდა ფეხბურთი.

ბრაზილიის დამარცხების შემდეგ, ყველა, ვინც პალატაში შედიოდა, პელეს ეკითხებოდა: "ახლა რას იტყვი, ვინ გინდა მოიგოს? რა თქმა უნდა, არა არგენტინამ!"

პელემ კი თქვა: "დიახ, არგენტინამ! თასი სამხრეთ ამერიკაში უნდა დარჩეს და მესი ამას იმსახურებს."

ყველამ შეიცხადა, თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მესი ტიტულს იმსახურებდა.

მამაჩემს ფინალის ტელევიზორში ყურება აღარ შეეძლო, მაგრამ მან გაიგო, რომ არგენტინამ გაიმარჯვა და მესიმ თასი ასწია. ის ბედნიერი იყო." - იხსენებს კრისტინა.

შეგახსენებთ, რომ პელე გასული წლის 29 დეკემბერს, არგენტინის ნაკრების ტრიუმფიდან 11 დღეში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.


Facebook კომენტარები