1 წლის და 1 თვის წინ
ჩავი: "არაუხო დაგვაკლდება, მაგრამ..."
ჩავი: "არაუხო დაგვაკლდება, მაგრამ..."

როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო, "ბარსელონას" ურუგვაელი უკანახაზელი, რონალდ არაუხო ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ გასამართ მატჩს დააკლდება.

ახალგაზრდა მცველის დანაკლისის შესახებ "ბლაუგრანას" თავკაცს, ჩავი ერნანდესს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგია. მით უფრო ასეთ სტადიონებზე, სადაც ინტენსიურობით, მაღალი პრესინგითა და ფლანგიდან ჩაწოდებებით დატვირთული თამაში გველის. 

არაუხო დაგვაკლდება, მაგრამ საკმარისად გვყავს ალტერნატივები, რათა ეს არ შეგვეტყოს," - თქვა "მაესტრომ".

ჩავის არაუხოს ჩანაცვლება ხვალ ერიკ გარსიათი ან მარკოს ალონსოთი შეეძლება. არ გამოვრიცხოთ ის სცენარიც, რომ მარჯვენა მცველის პოზიცია სერხი რობერტომ დაიკავოს, ჟიულ კუნდემ კი ცენტრში შეიწიოს.

შეგახსენებთ, რომ ბასკურ-კატალონიური ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები