როგორც მოგეხსენებათ, 31 დეკემბერს "ბარსელონა" თანაქალაქელ "ესპანიოლს" დაუპირისპირდება.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიურ დერბის სკანდალური არბიტრი მატეუ ლაოსი იმსაჯებს.
ამ რეფერიზე ფეხბურთის ქომაგს ისედაც ბევრი სმენია, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მან თავი კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნო, როცა არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩი კატასტროფულად იმსაჯა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მატეუს გადაწყვეტილებები იმდენად ცუდი გახლდათ, რომ მას ორივე გუნდი უყენებდა პრეტენზიებს.
"ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ თამაშის შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ ასეთი დონის მატჩებს ლაოსის მსგავსი არბიტრები არ უნდა განსჯიდნენ.
მესისა და სხვა ფეხბურთელების გაბრაზება მატეუს ძვირად დაუჯდა - ის მუნდიალიდან მოხსნეს და სამშობლოში ნაადრევად გააბრუნეს.
იმედი ვიქონიოთ, რომ გამოცდილი მსაჯი კატალონიურ დერბიში თავს გაცილებით უკეთ წარმოაჩენს.
ცნობისთვის, "ბარსასა" და "ესპანიოლის" ჯახი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.