Adidas-ის ორგანიზებით, ერთმანეთს მსოფლიო ფეხბურთის ორი უდიდესი ლეგენდა - ზინედინ ზიდანი და ლიონელ მესი შეხვდა, რაც გერმანულმა კომპანიამ ნახევარსაათიან ვიდეორგოლში აღბეჭდა.
გთავაზობთ ფრანგი და არგენტინელი მეგავარსკვლავების ყველაზე საინტერესო კომენტარებს.
მესი: "მახასიათებლები, რაც ათიანს უნდა ჰქონდეს? ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. მოთამაშეები ძალიან პატარა ასაკიდან ეჩვევიან 4:3:3-ს, 3 მცველს ან 5 მცველს... კლასიკური ათიანი ამ სისტემებს აღარ ერგება. დღეს გამთამაშებლები აღარ არსებობენ."
ზიდანი: "ათიანს აქვს რაღაც მაგიური, როგორც შენ. ათიანი გუნდის ლიდერია. ლიდერი, რომელიც შანსებს უნდა ქმნიდეს. როგორც ამას შენ აკეთებ, ლეო. შენ სხვებისგან განსხვავებულ რაღაცებს აკეთებ, რადგან სხვებისგან განსხვავებული ხედვა გაქვს. მე დანარჩენებზე 1 წამით წინ ვიყავი, შენ კი 3 წამით წინ ხარ."
მესი: "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა საუკეთესო რამ არის, არა? ამის თქმა ორივეს შეგვიძლია."
მესი: "როცა "პსჟ-ში" ვიყავი, 10-იანი არ მეცვა. "ბარსელონაში" და არგენტინაში 10-ნომრიან მაისურს ვიყავი მიჩვეული... მართალია, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ პარიზში 10-იანი ცოტათი მაინც მენატრებოდა. შემდეგ ამას შევეგუე. ჩემთვის 30-ნომრიან მაისურსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს."
ზიდანი: "30 შენთვის გამორჩეული იყო, თუმცა ხალხს ყოველთვის იმის ნახვა უნდა, 10 ნომერი როგორ გაწერია ზურგზე. თუ მოედანზე მესის ვხედავ, მსურს, ,რომ მას 10-ნომრიანი მაისური ეცვას.:"
მესი: "შენ 5 ნომერი გახადე მნიშვნელოვანი."
ზიდანი: "აღვწერო მესი ერთ სიტყვაში? მაგია."
ზიდანი: "მე და ლეო ყოველდღე ერთად არ ვართ, ამიტომ დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან შემიძლია ვუთხრა, რამდენად აღფრთოვანებული ვარ მისით. ის ჯადოქარია."
მესი: "ჩემთვის ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას მუდამ ვაღმერთებდი. თვალს "რეალშიც" ვადევნებდი. მან საქმე ბევრჯერ გამირთულა, როცა "ბარსელონას" ფეხბურთელი ვიყავი!"
მესი: "ზიდანი განსხვავებული მოთამაშე იყო. ელეგანტურობა. ხელოვნება. მაგია. მას ყველაფერი ჰქონდა."
ზიდანი: "მესი ყველასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. მისი ცხოვრება ესაა... ფეხბურთი და ოჯახი. სხვა არაფერი."
ზიდანი: "იმაზე ფიქრიც კი, რომ შეგეძლება მინდორზე გააკეთო ისეთი რაღაც, რასაც მესი აკეთებს... ხალხს მხოლოდ ოცნება შეუძლია, არა?"
მესი: "გოლის გატანა თუ ფანტასტიკური პასის გაკეთება? ორივე მომწონს, მაგრამ დიდებული პასი გოლზე უკეთესია."
მესი: "მე და ზიდანს გაგვიმართლა, რომ ღმერთმა ნიჭით დაგვაჯილდოვა, თუმცა ამის მიღმა უდიდესი სამუშაოა. მთელი ეს გზა, რომელმაც იქამდე მოგვიყვანა, სადაც ახლა ვართ. ვფიქრობ, მე და ის ყოველთვის თავმდაბლები და პატივისცემით განწყობილნი ვიყავით. სახლში მე ასე აღვიზარდე."
ზიდანი: "კიდევ ერთი რამ, რაც მესის აქვს, თვითრწმენაა. როცა იგი რთულ სიტუაციაში იყო, ყოველთვის სჯეროდა, რომ ამას გადალახავდა. მან ეს თავდაჯერებულობა სხვებსაც გადასდო."