1 თვის და 4 კვირის წინ
ვინ შეკერავს "ბარსას" ფორმებს - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
ვინ შეკერავს "ბარსას" ფორმებს - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

"ბარსელონას" მაისურების მწარმოებელი ბრენდის შეცვლის საკითხი ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. უკანასკნელი ვერსიის თანახმად, კატალონიელები თავიანთი ფორმების თავადვე წარმოებაზე ფიქრობენ და საამისო ნაბიჯების გადადგმისთვისაც ემზადებიან, თუმცა ეს ახლა არც ისე რეალურ პერსპექტივად ჩანს.

ამაზე დღეს მადრიდულმა Marca-მ ვრცლად დაწერა სტატიაში, რომლის ყველაზე საინტერესო ამონარიდებსაც აქვე გთავაზობთ:

"ჟოან ლაპორტას "ნაიკთან" კონტრაქტის იმ პირობით გახანგრძლივება სურს, რომ კომპანიისგან კლუბი უფრო მეტ თანხას მიიღებს და ხელშეკრულების გახანგრძლივების ბონუსითაც დასაჩუქრდება.

პრობლემა ცალსახაა: "ნაიკს" კლუბის ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების სურვილი არ ამოძრავებს. ამჟამად "ბარსა" მათგან სეზონში 85 მილიონ ევროსა და 20 მილიონი ევროს ბონუსებს იღებს.

გავრცელებული ხმების მიხედვით, "პუმა" "ნაიკზე" მეტი თანხის გადასახდელადაა მზად, თუმცა ეს რიცხვი ადრე გაჟღერებულ 200 მილიონ ევროს (წლიურად) არ მიაღწევს.

"ბარსელონასთვის" ყველაზე სასურველი ვარიანტი თანამშრომლობის "ნაიკთან", გაუმჯობესებული პირობებით გაგრძელებაა. 2016 წლის შეთანხმება კლუბისთვის საკმაოდ სასარგებლო იყო, რადგან ოფიციალური მაღაზიების მენეჯმენტი "კამპ ნოუზე" მიმაგრებული გახდა.

"ნაიკთან" კონტრაქტის გაწყვეტა კლუბს მათთვის 40-50 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას დააკისრებს. ამ თანხის გაღება "ბლაუგრანასთვის" ახლა შეუძლებელია. 

საკუთარი ბრენდის შექმნა "ბარსელონასთვის" ახლა ყველაზე სარისკო ოფციაა, რადგან კლუბს ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნა მოუწევს და, გარდა ამია, ეკონომიკურ დონეზე "ბარსა" ახლა ვერც რაიმე თანხას მიიღებს და ვერც ახალ კონტრაქტს გააფორმებს - ფინანსურ ანგარიშებში მომენტალური გაუმჯობესება ახლა არ იქნება."

ასე და ამგვარად, "ბარსელონა" ძალიან დიდი დილემის წინაშე დგას, რაც ხელმძღვანელობასაც შესანიშნავად უნდა ესმოდეს.


Facebook კომენტარები