SPORT ირწმუნება, რომ პაბლო გავის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. კლუბში მისი საუკეთესო ვერსიის დაბრუნებას 2025 წლის პირველი კვირებისთვის ელოდებიან.
"ბარსელონას" სამედიცინო შტაბი მალე გადაწყვეტს, უნდა გაემგზავროს თუ არა 19 წლის ნახევარმცველი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამერიკულ ტურნეზე.
თუ პაბლო აშშ-ში გაემგზავრება, იგი ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და სათამაშო დინამიკას აღიდგენს.
შეგახსენებთ, რომ გავიმ ჯვარედინი მყესები 2023 წლის ნოემბერში გაიწყვიტა. ეს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში მოხდა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლაუგრანას" ახალი თავკაცი, ჰანსი ფლიკი პაბლოთი მოხიბლულია. ესპანელ ნახევარმცველს ფლიკის გუნდში საკვანძო როლი დაეკისრება, თუმცა იქამდე იგი ჯერ ოპტიმალურ კონდიციებში უნდა შევიდეს.