3 თვის და 3 კვირის წინ
ფლიკის თხოვნა დეკუს - ჰანსიმ ტრანსფერი გააჩერა
ფლიკის თხოვნა დეკუს - ჰანსიმ ტრანსფერი გააჩერა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთ ამოცანად დაცვითი ტიპის ნახევარმცველის დამატება განიხილებოდა, მაგრამ ბოლო კვირებში ეს მოცემულობა შეიცვალა.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" მთლიანად გადაერთვნენ ნიკო უილიამსისა და დანი ოლმოს ტრანსფერებზე. შესაბამისად, ჩამშლელის მოყვანამ პრიორიტეტთა სიაში უკანა ფლანგზე გადაიწია. ამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" სპორტულ დირექტორს, დეკუს შედარებით ხელმისაწვდომი (ფინანსური თვალსაზრისით) ვარიანტის გადაბირება ჰქონდა განზრახული. საამისოდ პორტუგალიელმა "ალ იტიფაქის" ფრანგი ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე შეარჩია. ევრო 2024-ზე კანტე ბრწყინვალე გახლდათ, რამაც დეკუს მისი გაფორმება გადააწყვეტინა.

ცხადია, არაბებთან მოლაპარაკება საკმაოდ რთული იქნებოდა, რადგან მათ ნ'გოლოსთან დამშვიდობება არ უნდათ, მაგრამ საქმე მოლაპარაკებების სტადიამდეც არ მივიდა.

ამის მიზეზი ჰანსი ფლიკი გახლდათ. გერმანელმა სპეციალისტმა დეკუს სთხოვა, რომ კანტეს მოყვანა არ ეჩქარა, რამეთუ მას პრობლემურ პოზიციაზე "ბარსას" ახალგაზრდების გამოცდა უნდოდა.

საბოლოო ჯამში, ფლიკის არჩევანი სწორი გამოდგა. მარკ კასადომ და მარკ ბერნალმა წინასასეზონო შეხვედრებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ კლუბმა ნახევარმცველი შეიძლება საერთოდ აღარ დაიმატოს, თუმცა ეს მაინც ამერიკული ტურნეს მერე გადაწყდება.


Facebook კომენტარები