როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟორდი ალბამ "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა. 34 წლის ფლანგელი ამას დღეს გასამართ პრესკონფერენციაზე დაადასტურებს.
ალბა უკვე მეორე ვეტერანია, რომელიც "ბლაუგრანას" ტოვებს. მანამდე ამის შესახებ სერხიო ბუსკეტსმა გვამცნო.
ბუსკეტსი "ბარსას" კაპიტანი გახლდათ, ჟორდი კი - მესამე კაპიტანი. მათი წასვლა ნიშნავს იმას, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ახალი კაპიტნების არჩევა მოუწევთ.
თუ Relevo-ს ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის დავუჯერებთ, გარდაუვალია, რომ კატალონიური გრანდის ერთ-ერთი კაპიტანი რონალდ არაუხო იქნება. ურუგვაელს კაპიტნის სამკლავურით აუცილებლად ვიხილავთ.
ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, "ბარსელონას" ძირითად კაპიტნად ახლა სერხი რობერტო ჰყავს, თუმცა საკმაოდ დიდია "კამპ ნოუდან" სერხის აბარგების შანსიც. ამ შემთხვევაში, ოთხეულს უსმან დემბელე შეუერთდება, როგორც ამას ესპანური გამოცემების მიერ კვირებით ადრე გაჟღერებული ცნობების საფუძველზე ვასკვნით.