10 თვის და 1 კვირის წინ
მესისაც დაუძახეს - როგორ დაემშვიდობება "ბარსა" ძველ "კამპ ნოუს"
მესისაც დაუძახეს - როგორ დაემშვიდობება "ბარსა" ძველ "კამპ ნოუს"

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კვირას, "მალიორკას" წინააღმდეგ ელოდება მატჩი, რომელიც ლა ლიგის 37-ე ტურის ეგიდით გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრა კატალონიელთათვის განსაკუთრებული იქნება, რადგან კლუბი "კამპ ნოუს" წელიწად-ნახევრით ემშვიდობება. "ბლაუგრანას" სტადიონზე დიდი რესტავრაცია იწყება, რის გამოც, გუნდი მომდევნო სეზონს მთლიანად "მონტუიკზე" ჩაატარებს, მშობლიურ არენას კი 2024 წლის ნოემბერში დაუბრუნდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ "კამპ ნოუზე" უკანასკნელად ითამაშებენ "ბლაუგრანას" ლეგენდები - სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. მათი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ამიტომ გულშემატკივრებს გამოცდილი ესპანელების გაცილების საშუალება მიეცემათ.

კვირას პატივს მიაგებენ "კამპ ნოუს" ლეგენდარულ დიქტორს, მანელ ვიხს.

სანტი ოვალეს ინფორმაციით, ვიხილავთ მოზაიკას, მაშხალებსა და განსაკუთრებულ ფორმას. გარდა ამისა, შესვენებაზე იმღერებს მომღერალი ლილდამი.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მატჩზე დასასწრებლად დაპატიჟებულია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" არგენტინელი ლეგენდა, ლიონელ მესი. ბუსკეტსი და ალბა ლეოს დიდი ხნის მეგობრები არიან, რაც მათ გასაცილებელ მატჩზე "ლა პულგას" ყოფნას მეტად სავარაუდოს ხდის.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები