10 ყველაზე წარმატებული სეზონი "ბარსელონას" ისტორიაში

10 ყველაზე წარმატებული სეზონი "ბარსელონას" ისტორიაში

გეუბნებათ რამეს თარიღი - 1899 წლის დეკემბერი? მათთვის, ვინც ამ დღეს მოესწრო, ეს გახლდათ "ბარსელონას" პირველი მატჩი - მარცხი კატალონიის ინგლისელ მოსახლეობათან, ანგარიშით 0:1. შეხვედრას მთელი 11 ადამიანი ადევნებდა თვალყურს. დღეს ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა - ტრიბუნებსაც და ტაბლოზეც, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება - განუზომელი სწრაფვა გამარჯვებისკენ.

გასული 121 წლის მანძილზე კატალონიელებმა კოლოსალური რაოდენობის ტიტული მოიგეს და ევროპული ფეხბურთის გრანდად ჩამოყალიბდნენ. ისინი დღემდე რჩებიან სამიდან ერთ-ერთ გუნდად, რომელიც ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილა. დღეს ჩვენ დროში ვიმოგზაურებთ და გაგაცნობთ 10 ყველაზე წარმატებულ სეზონს "ბლაუგრანას" ისტორიაში.

10. 1996-97

დიდებული სეზონი ბობი რობსონის თავკაცობით, რომელიც გუნდს სათავეში მხოლოდ ამ ერთი მარათონის მანძილზე ედგა.

მიუხედავად ლა ლიგაში განცდილი მარცხისა, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" თასების თასი, ესპანეთის სუპერთასი და კოპა დელ რეი აღმართეს.

ეს სეზონი გამორჩეულია ერთი ბრაზილიელი თავდამსხმელის, რონალდოს აღზევებითაც. ფენომენომ გენიალურად იასპარეზა და ლა ლიგაში 34 გოლი გაიტანა.

"ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში ვერ გააღწია. სხვათაშორის, ვერც "რეალმა", თუმცა "სამეფო კლუბმა" მთავარ მტერს პრიმერაში ორად ორი ქულით გაასწრო და თასი ცხვირწინ აააცალა.

9. 1958-59

ელენიო ერერამ კატალონიელებს ლა ლიგა და კოპა დელ რეი ერთ სეზონში მოაგებინა, რაც კლუბის ისტორიაში სულ მესამედ მოხდა.

"ბლაუგრანამ" ესპანეთის თასის ფინალში "გრანადა", მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მათ ასევე მოიგეს ბაზრობათა თასი, მოუგეს რა ფინალში ინგლისურ "ბირმინგემს".

იმ სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საუკეთესო ბომბარდირი ბრაზილიელი ევარისტო გახლდათ, 23 მატჩში გატანილი 20 ბურთით.

8. 1997-98

რივალდოს ლიდერობით "ბარსელონამ" თავის მუზეუმს ლა ლიგა, კოპა და ევროპის სუპერთასი შემატა, თუმცა, მოულოდნელად, ისინი ჩემპიონთა ლგიის ჯგუფში ჩარჩნენ.

მიუხედავად ამისა, "კამპ ნოუს" ბინადართათვის სეზონი მაინც დიდებული გამოდგა. 

მაშინ გუნდს ნიდერლანდელი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი წვრთნიდა.

კოპა დელ რეის ფინალში "ბარსამ" "მალიორკა", პენალტების სერიაში დაამარცხა (5:4), რაც შეეხება ევროპის სუპერთასს, აქ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" უფრო მარტივად მოიგეს, ორი მატჩის ჯამში 3:1, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ.

ზოგადად, ორ ნიდერლანდელს - იოჰან კრუიფსა და ლუი ვან გაალს "ბარსელონას" 1990-იანი წლების დომინაციაში დიდი წვლილი მიუძღვის.

7. 1991-92

"მფრინავმა ჰოლანდიელმა" "კამპ ნოუზე" გამარჯვების დღეები თავისი 8 წლიანი მწვრთნელობის ჟამს დააბრუნა.

1991-92 წლების სეზონი მისი მოღვაწეობიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. კატალონიელებმა, ხრისტო სტოიჩკოვის წინამძღოლობით, მოიგეს ლა ლიგა, ევროპის თასი ფინალში "სამპდორიას" ძლევით აღმართეს, ხოლო ესპანეთის სუპერთასის ორმატჩიან ჯახში მადრიდის "ატლეტიკოს" აჯობეს.

სწორედ ამ მოვლენების შემდეგ შეერქვათ კრუიფის ბიჭებს "ოცნების გუნდი".

6. 2009-10

პეპ გვარდიოლას პირველი სენსაციური სეზონის შემდეგ, "ბარსელონამ" ტემპი არ დააგდო და მომდევნო სეზონში 4 თასი მოიგო, რითაც გახდა პირველი გუნდი, რომელმაც კალენდარულ წელიწადში 6 სხვადასხვა ტურნირზე მოიწყო ტრიუმფი.

ხსენებული 4 ტიტულიდან 3 წინა სეზონის გამოძახილი გახლდათ - ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი. მიუხედავად ინტენსიური კალენდარისა, გვარდიოლა თავის შემადგენლობას კარგად აბალანსებდა, რამაც მათ პრიმერაში ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოუტანა.

მიუხედავად ამისა, კოპა დელ რეიზე ისინი "სევილიამ" გამოაგდო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე - მილანის "ინტერმა".

ამ სეზონში ლეო მესიმ 47 გოლი გაიტანა და ყველას დაუმტკიცა, რომ წინა სეზონში ნაჩვენები ფეხბურთი მხოლოდ ჟურნალი იყო და საფეხბურთო სამყაროს მთავარი წინ ელოდა.

5. 2005-06

ფრენკ რაიკაარდმა 2005-06 წლების სეზონი კლუბის ისტორიაშო ოქროს ასოებით ჩაწერა.

გარდა იმისა, რომ "ბარსელონამ" წინა სეზონში მოგებული ლა ლიგის ტიტული დაიცვა, მათ ისტორიაში მეორედ მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი - დაამარცხეს რა ლონდონის "არსენალი" ფინალში.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მოიპოვეს ესპანეთის სუპერთასიც, დაამარცხეს რა ანდალუსიური "ბეტისი" ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 5:2. გუნდის მთავარი ვარსკვლავი, რონალდინიოსთან ერთად, სამუელ ეტოო გახლდათ, რომელმაც 26 გოლი გაიტანა.

4. 2010-11

ზედიზედ მესამედ მოგებული პრიმერა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" გაცამტვერება გახლდათ პეპ გვარდიოლას კიდევ ერთი ზღაპრული სეზონის უმთავრესი მომენტები.

ბუნებრივია, ლეო მესიმ აღებული ტემპი არ დააგდო და 53 მატჩში 55 გოლი და 24 ასისტი მიითვალა.

"ბარსელონას" ნაჩვენები ფეხბურთი სრულყოფილებასთან ძალიან ახლოს იდგა და ეს საყოველთაოდაა აღიარებული.

დესერტად კი "ბლაუგრანამ" მომდევნო სეზონის დაწყების წინ, ესპანეთის სუპერთასზე, მადრიდის "რეალი" გამაოგნებელ დუელში დაჯაბნა - 5:4 (ორი მატჩის ჯამში)

3. 1951-52

"ბარსამ" აქაც მოახერხა ლა ლიგაში ტრიუმფი და ჩემპიონობის გზაზე "ელ კლასიკო" დასამახსოვრებელი ანგარიშით მოიგო - 4:2.

სეზონის სუპერგმირი უნგრელი ლეგენდა, ლადისლაო კუბალა გახლდათ. "ბლაუგრანამ" იმ სეზონში 5 თასი მოიგო და ხუთივეში კუბალამ უდიდესი როლი ითამაშა.

ფერდინანდ დაუჩიკის თავკაცობით, "ბარსამ" კოპა დელ რეის ფინალში დაამარცხა "ვალენსია", აღმართა ლათინთა თასი "ნიცას" ძლევით და ამათ დაუმატა კიდევ ორი ტიტული - მარტინი როსის თასი და ევა დუარტეს თასი.

თუ არ ჩავთვლით ტრიპლეტის სეზონებს, ეს ნამდვილად გახლდათ "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო კამპანია.

2. 2014-2015

სეზონი, როდესაც "ბარსელონამ" მეხუთედ და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

კატალონიელებმა ფინალში ტურინის "იუვენტუსი" დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ლა ლიგაში მადრიდის "რეალს აჯობეს, ხოლო კოპა დელ რეის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკი" დაჯაბნეს.

ამ სეზონში საფეხბურთო სამყაროს სრული ბრწყინვალებით წარუდგა ლეგენდარული ტრიო - MSN (მესი-სუარესი-ნეიმარი), რომელმაც 122 გოლი გაიტანა და 55 ასისტი გააკეთა.

1. 2008-2009

პეპ გვარდიოლას პირველი სეზონი "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა.

"ბლაუგრანა" გახდა პირველი ესპანური გუნდი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მათ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხეს, ანგარიშით 2:0, ხოლო ესპანეთის თასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკს" გადაურბინეს - 4:1.

ყველა ტურნირზე სამუელ ეტოომ 36 გოლი გაიტანა და ეს გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

2008-09 წლების სეზონმა "ბარსელონას" საფეხბურთო მნიშვნელობა ახალ დონეზე აიყვანა და გვარდიოლას ეპოქას ჩაუყარა საფუძველი.

4 თვის წინ
682 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 723
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ