როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ძველ "კამპ ნოუს" კვირას, "მალიორკასთან" გასამართი მატჩით დაემშვიდობება, შემდეგი კვირიდან კი სტადიონზე რეკონსტრუქციის გრანდიოზული სამუშაოები დაიწყება.
სასიამოვნოა, რომ ისტორიული არენის ძველ სახეს "ბლაუგრანა" რეკორდით ემშვიდობება.
Mundo Deportivo-ს მიხედვით, დასწრების 83 ათასიანი მაჩვენებელი, რომელიც "კამპ ნოუზე" მიმდინარე სეზონში ფიქსირდება, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ კატალონიური გრანდის უკანასკნელი წლების ისტორიაშია საუკეთესო.
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში რიგით მეორე მაჩვენებელი დორტმუნდის "ბორუსიას" აქვს. "სიგნალ იდუნა პარკზე" 2022/2023 წლების სეზონის შეხვედრებს საშუალოდ 74 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.
"კამპ ნოუზე" საშუალოდ ადგილების 83% ივსებოდა. 21-ე საუკუნეში ეს საუკეთესო შედეგია. წინა რეკორდი 2016/2017 წლების სეზონზე მოდიოდა - 78 ათასი მაყურებელი.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანასა" და "მალიორკას" შეხვედრა კვირას, 21 საათზე დაიწყება.