10 თვის წინ
"ძალიან ამაყი ვარ" - ცრემლმორეული ალბა ფანებს ემშვიდობება
"ძალიან ამაყი ვარ" - ცრემლმორეული ალბა ფანებს ემშვიდობება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩში "მალიორკას" დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 მოუგო.

შედეგზე მეტად, ეს მატჩი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი "კამპ ნოუს" პუბლიკის წინაშე უკანასკნელად წარდგნენ.

ორივე ლეგენდამ ქომაგს ცალ-ცალკე მიმართა. პირველს ჟორდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გთავაზობთ:

"საღამო მშვიდობისა, უპირველეს ყოვლისა, მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო იმ სიყვარულისთვის, რომელიც ჩემი კარიერის განმავლობაში გამოუვლენიათ."

"დღეს ასევე უნდა გავიხსენო ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და მათთან მოედნის გაზიარება დიდი პატივი იყო."

"მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს. შესაძლოა, წელს ბევრი არ მითამაშია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მუდამ დახმარებაა. რა თქმა უნდა, ამაყი ვარ, რომ თანაგუნდელებს ვეხმარებოდი."

"ასევე მინდა, რომ პატივი მივაგო ტიტო ვილანოვას, რომელმაც 2012 წელს მომიყვანა გუნდში... შენ ყოველთვის გვემახსოვრები."

"ახლა გუნდს სხვა ადგილიდან ვუგულშემატკივრებ. "ბარსელონას" ფეხბურთელობა მუდამ მეამაყებოდა. გაუმარჯოს "ბარსას"! გაუმარჯოს კატალონიას!"

შეგახსენებთ, რომ მარცხენა მცველი კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ვიხილავთ მას მომდევნო სეზონში.


Facebook კომენტარები