11 თვის წინ
ხრიკი თუ დარტყმა "ბარსას" შანსებზე - რა ხდება მესის გარშემო
ხრიკი თუ დარტყმა "ბარსას" შანსებზე - რა ხდება მესის გარშემო

ლიონელ მესი "ბარსელონას" მეტს აღარ დაუცდის. კლუბს მისთვის შეთავაზება ჯერ არ გაუგზავნია და არ არსებობს გარანტია, რომ წინადადება ოდესმე გაიგზავნება, - იუწყება Mundo Deportivo.

კატალონიური გამოცემის თანახმად, "ლა პულგა" თავის მომავალზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

მესის შესახებ შემდეგ ცნობებს გვაწვდის ჟერარ რომერო:

"ჩავი ჯერ კიდევ ცდილობს, რომ მესი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაითანხმოს.

თუ ლა ლიგა და "ბარსელონა" უახლოეს დღეებში არ შეთანხმდებიან, ლეოს დაბრუნება ძალიან გართულდება."

აშრაფ ბენ აიდის თქმით, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს არ უნდა, რომ მთელი ეს საგა აგვისტომდე გაიწელოს.

გაცილებით იმედისმომცემ ინფორმაციას ავრცელებს ESPN Argentina, რომლის მიხედვითაც, მესის გარემოცვა "ბლაუგრანასგან" პრობლემის მოგვარების გზის წარდგენას უახლოეს დღეებში ელოდება. ლეოს პრიორიტეტად კვლავ "ბარსა" რჩება.

კიდევ უფრო შორს მიდის ჟურნალისტი ალექს პინტანელი:

"მესის ბანაკიდან გავრცელებული ეს ამბავი ტაქტიკური ხრიკია, რომელმაც "ბარსელონას" რეაგირება უნდა გამოიწვიოს. მოქმედებაზე გადასასვლელად "ბარსელონას" ლა ლიგის დასტური სჭირდება. ლეოს "ბარსაში" თამაში ურჩევნია."

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ წინ ძალიან დაძაბული კვირები გველოდება, თუმცა, თუ ყველაფერი მესის სურვილის მიხედვით წავა, საბოლოო მოცემულობა მალე უნდა მივიღოთ.


Facebook კომენტარები