გასეირნება ჯოჯოხეთში - როგორი იყო "ბარსელონას" 2020

გასეირნება ჯოჯოხეთში - როგორი იყო "ბარსელონას" 2020

2020 წელი დასასრულს უახლოვდება და მთელი მსოფლიოც განვლილ წელიწადს აფასებს. ოცი-ოცი პლანეტისთვის, რბილად რომ ვთქვათ, საშინელი გამოდგა. "ბარსელონაში" გადაწყვიტეს, რომ საერთო ფონი არ გაეფუჭებინათ და თავიანთ ქომაგებს ისედაც რთული წელი კოშმარულად უქციეს. ამ სტატიაში ვეცდებით შევაჯამოთ "ბლაუგრანას" 2020 და ვნახოთ, თუ რითი დაგვამახსოვრა გასულმა წელიწადმა თავი.

სამი მწვრთნელი ერთ წელიწადში

"ბარსელონას" მიერ მთავარი მწვრთნელის შუა სეზონში შეცვლის პრეცენდენტის დაფიქსირებიდან ძალიან დიდი ხანი იყო გასული, როცა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდეს კარისკენ მიუთითა. წელიც სწორედ ამ ფაქტმა გახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ბასკი სპეციალისტის ხელში "ბარსა" ლა ლიგასაც ლიდერობდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდანაც პირველი ადგილით იყო გასული, ბატონი ერნესტო ესპანეთის სუპერთასმა შეიწირა.

საუდის არაბეთში 9 იანვარს გამართული მატჩი "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მადრიდის"ატლეტიკოსთან", ანგარიშით 2:3 დათმეს, არადა მთელი შეხვედრის მანძილზე კატალონიელთა დომინაცია აშკარა იყო და საბოლოო შედეგმა ყველა გააოცა. სწორედ ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი "ბარსას" შეფობის მოთმინების ფიალაში. რომში და ლივერპულში განცდილ კრახებს გადარჩენილ ვალვერდეს წირვა საუდის არაბეთმა გამოუყვანა.

მანამდე, წელი გრანდმა თანაქალაქელ "ესპანიოლთან" გაგორებული ფრით (2:2) დაიწყო და გამოვიდა, რომ ვალვერდემ "ბარსელონა" 2020 წელს სულ ორ მატჩში გაიყვანა მინდორზე და ვერცერთი მოიგო - 1 ფრე, 1 მარცხი.

ბასკი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოსტზე კიკე სეტიენმა შეცვალა. ანდალუსიური "ბეტისიდან" ლანძღვა-გინებით გამოგდებული და ხბორების მწყემსად ჩამოლაბორანტებული კანტაბრიელი "ბლაუგრანაში" დიდი იმედებით მოიყვანეს, რისი მთავარი მიზეზიც კიკეს უდიდესი სიყვარული გახლდათ იოჰან კრუიფის იდეოლოგიისადმი. სეტიენმა სადებიუტო მატჩი "გრანადასთან" მოიგო და გუნდმა 1000-ზე მეტი პასიც გააკეთა, რამაც ოპტიმიზმის ახალი ტალღა წარმოშვა, თუმცა სულ ტყუილად.

დროის მცირე მონაკვეთში კატალონიელებმა წააგეს "ვალენსიასთან", გამოვარდნენ კოპა დელ რეიდან ბილბაოს "ატლეტიკთან" მარცხით და სეზონის შეწყვეტამდე, "კლასიკოს" დათმობაც მოასწრეს, თუმცა მოხდა ისე, რომ პანდემიას "ასულგრანა" მაინც პრიმერას ლიდერის რანგში შეხვდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "ბარსამ" მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის თამაში მოასწრო და "ნაპოლისთან" ფრე გააგორა, საპასუხო ჯახი კი გაურკვეველი დროით გადაიდო.

სეზონი ივნისში განახლდა და ბევრი რომ არ მივკიბ-მოვკიბო, "ბარსელონამ" ლა ლიგა "რეალს" დაუთმო, ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ გავარდა და სეზონი უტიტულოდ დაასრულა. სეტიენის შემცვლელად კი "ბარსელონას" ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელობამ კლუბის ლეგენდას, რონალდ კუმანს უხმო და ის ნიდერლანდების ნაკრებიდან წამოიყვანა. 57 წლის სპეციალისტმა სეზონი ორი გამარჯვებით დაიწყო, "ვილიარეალისა" და "სელტას" წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ საქმეები აირია და ამაზე ქვემოთაც ვისაუბრებთ. საბოლოო ჯამში, წელი "ბარსელონამ" ლა ლიგაში მეექვსე, ხოლო ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით ჩაამთავრა.

კატასტროფა გასვლით მატჩებში

ლა ლიგის ზედიზედ ორი გათამაშების უმარტივესად მოგების შემდეგ, ჩემპიონის ტიტული კატალონიელებმა მოსისხლე მტერ მადრიდის "რეალს" გადაულოცეს. ამ წარუმატებლობაში კი მთავარი ბრალეულობა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" იმ კატასტროფულ პერფომანსებს ეკისრება, რაც გუნდმა გასვლით მატჩებში აჩვენა.

2020 წელს "ბარსელონამ" ლა ლიგაში 16 საგარეო შეხვედრა გამართა, საიდანაც ზუსტად ნახევარზე მეტი ვერ მოიგო - 7 გამარჯვება, 4 ფრე, 5 მარცხი. რომ არაფერი ვთქვათ ამ სეზონზე, სადაც "ბლაუგრანა" მეექვსე პოზიციაზე დიდწილად სწორედ ამ კომპონენტის გამო იმყოფება, პრიმერას 2019/20 წლების მან პრაქტიკულად სტუმრად დათმო - "სანჩეს პისხუანზე" (სევილია) და "ბალაიდოსზე" (სელტა) გაგორებულმა ფრეებმა "ბარსას" ოქროს მედლები კისრიდან ჩამოხსნა.

ოდნავ განსხვავებული სიტუაცია იყო ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც "ბარსელონამ" ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო:

"იუვენტუსი" 0:2 "ბარსელონა"

"დინამო კიევი" 0:4 "ბარსელონა"

"ფერენცვაროში" 0:3 "ბარსელონა"

მიუხედავად ამისა, "ასულგრანამ" ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხი სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე, "კამპ ნოუდან" დაახლოებით 1240 კილომეტრით მოშორებით განიცადა.

2:8

დიახ, როგორც არ უნდა გვინდოდეს, ვერც ჩვენი გონებიდან და ვერც წლის მიმოხილვიდან ამ მატჩს ვერ ამოვშლით. მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსას" მიაყენა უმტკივნეულესი დარტყმა, რისი დავიწყებაც უბრალოდ შეუძლებელია. ლისაბონში განცდილმა მარცხმა მთლიანად გააშიშვლა "ბარსელონა" და დაგვანახა ყველა ის პრობლემა, რომელთა არსებობის შესახებ ისედაც ვიცოდით, თუმცა მათ ძალიან მცირე ყურადღებას ვაქცევდით.

მანამდე კი იყო მერვედფინალი, სადაც "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" იტალიური "ნაპოლის" ბარიერი დაძლიეს. პირველი მატჩი "სან პაოლოზე" 26 თებერვალს შედგა და ზავით, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ნეაპოლიტანელები თავდაპირველად დრის მერტენსის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მათ ანტუან გრიზმანმა უპასუხა.

რაც შეეხება საპასუხო ჯახს, იგი მარტის მაგივრად 9 აგვისტოს შედგა, რისი მიზეზიც კოვიდპანდემია გახლდათ. "ბარსამ" ლეო მესის უზადო თამაშის წყალობით თამაში დამაჯერებელი ანგარიშით წაიყვანა - 3:0, თუმცა სტუმრების ერთი გოლიც კი საკმარისი გამოდგა, რომ ყველანი დავძაბულიყავით. თუ გავითვალისწინებთ ქამბექების იმ "დიდებულ" გამოცდილებას, რაც "ბარსამ" საკუთარ თავზე გასულ სეზონებში გამოსცადა, ქომაგთა შიში სამართლიანი იყო, მაგრამ საუბედუროდ, შემდეგ ეტაპზე მაინც "კამპ ნოუს" ბინადრები გავიდნენ.

მეოთხედფინალში რომ კიკე სეტიენის სამწყსო "რეკორდმაისტერს" გადაუდგებოდა, ეს ადრევე ვიცოდით და მანამ, სანამ "ასულგრანას" ოპტიმიზმგაღვივებული გულშემატკივრები სოციალურ ქსელში მესი Vs ბოატენგის მომენტის ამსახველ გიფებს აზიარებდნენ, ჰანს ფლიკის მანქანამ "ბარსელონასაც" გადაუარა.

მიულერი, (ალაბა), პერიშიჩი, გნაბრი, მიულერი, (სუარესი), კიმიხი, ლევანდოვსკი, კოუტინიო, კოუტინიო

ერთი კონკრეტული მატჩის წაგებამ "ბარსელონაში" გამოიწვია მთავარი მწვრთნელთან, პრეზიდენტთან (ეს ცოტა მოგვიანებით) და ღვაწლმოსილ ფეხბურთელებთან (სუარესი, რაკიტიჩი) გამომშვიდობება. კატალონიური გრანდის სახელს მიეცხო ტალახი, რის ჩამორეცხვასაც ძალიან დიდი წარმატება და ბევრი დრო დასჭირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დრო მოსალოდნელზე ადრე მოვა.

ლეო მესის ბიუროფაქსი

25 აგვისტო იდგა, როცა ესპანურ პრესაში დაიქუხა ამბავმა, რომ ლეო მესიმ "ბარსელონადან" აბარგების სურვილი ღიად გამოხატა. ამ დღემ ახალი სიტყვა, ბიუროფაქსიც გვასწავლა. როგორც გაირკვა, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელმა კლუბის ხელმძღვანელობას სწორედ ბიუროფაქსით აცნობა, რომ კლუბის დატოვება სურდა, თანაც უფასოდ.

ლეო კონტრაქტში არსებულ პუნქტზე აპელირებდა, რომლის თანახმადაც მას სეზონის ბოლოს უფასოდ წასვლის საშუალება ეძლეოდა. ხელშეკრულებაში ჩაწერილი თარაღი ყოველი წლის პირველი ივლისი გახლდათ, მაგრამ, რადგან პანდემიის გამო სეზონის დასრულებამ აგვისტომდე გადაიწია, მესის მიაჩნდა, რომ ხსენებული კლაუსულა ჯერ კიდევ მოქმედი იყო.

ამ ფაქტის გახმაურებას 2020 წლის ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი მოყვა. იმ დღესვე "ბარსელონას" ოფისთან აღშფოთებული ქომაგები შეიკრიბნენ და ერთი ვაი-უშველებელი ატეხეს. ევროპული გამოცემები მესის ხან "მანჩესტერ სიტის" უკავშირებდნენ, ხან "პსჟ-ს", ხან "ჩელსის", ხან ვის და ხან ვის. ისიც გავიგეთ, პეპ გვარდიოლა ბარსელონაში ჩაფრინდა და "ეტიჰადს" თავის საყვარელ შეგირდთან ერთად დაუბრუნდებაო.

ხმაური 4 სექტემბერსღა ჩაწყნარდა, როცა მესიმ საგანგებო ინტერვიუში თავის ყველა პრობლემაზე ისაუბრა. თქვა, რომ წასვლა მართლაც უნდოდა და კლუბმა ამის ნება არ მისცა. გვარიანად გამოლანძღა "ბარსას" მაშინდელი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუც, რომელმაც თითქმის ორ თვეში თავად დატოვა თანამდებობა. 

"ბლაუგრანას" კაპიტანს დღესაც სჯერა, რომ საქმის სასამართლომდე მისვლის შემთხვევაში, გამარჯვებული თვითონ დარჩებოდა და "კამპ ნოუსაც" დატოვებდა, თუმცა მან ეს ნაბიჯი არ გადადგა. ახლა ყველაფერი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული. სულ რაღაც რამდენიმე თვეში ნათლად გამოჩნდება, გაახანგრძლივებს მესი თავის მშობლიურ გუნდთან კონტრაქტს თუ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ესპანეთს.  

დამშვიდობება ლუის სუარესთან

27 სექტემბერს შევიტყვეთ, რომ "ბარსელონამ" თავის ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს კონტრაქტი გაუწყვიტა და მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვა.

მოარული ხმების თანახმად, "ელ პისტოლერო" არც რონალდ კუმანის გეგმებში მოიაზრებოდა და აღარც თავად "აკმაყოფილებდა" იმ "სტანდარტს", რაც "ბლაუგრანაში" თამაშს ესაჭიროებოდა. "ბარსას" ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირმა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ბევრი იტირა და ბევრიც გვატირა, თუმცა ფაქტს ვერსად გავექეცით.

დღეს ლუისი "როხიბლანკოსთან" ერთად ლა ლიგის სატურნირო ცხრილს დიდი ჰანდიკაპით ლიდერობს. თავად 11 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ალბათ სიმწრით იცინის იმის შემყურე, რომ "ბარსელონაში" მისი ნომერი მარტინ ბრეითუეიტმა მოირგო, სასტარტო შემადგენლობაშიც ჩაჯდა და შიგადაშიგ პენალტებსაც აფუჭებს ხოლმე.

სუარესის უშუალო კონკურენტში სასაცილო თანხად გაშვებით განაწყენდა არა მარტო "ბარსელონას" მილიონიბით ქომაგი, არამედ ის ადამიანი, ვისთანაც ასოცირდება ეს კლუბი - ლიონელ მესი. ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს მხარიდან მოგლიჯეს ყველაზე ეფექტური პარტნიორი, რომელიც ოდესმე ჰყოლია. ვერაფერს იტყვი, "ბარსას" ბორდმა გადადგომამდე კიდევ ერთი "მადლიანი" საქმის გაკეთება ნამდვილად მოასწრო.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "კამპ ნოუ" დატოვა 2014/15 წლების სეზონში მოგებული ტრიპლეტის კიდევ ერთმა შემოქმედმა - ივან რაკიტიჩმაც. ხორვატი ნახევარმცველიც ემოციურად დაგვემშვიდობა და მისთვის ლამის მშობლიურ "სევილიაში" გადაბარგდა, სადაც უმალვე იქცა ერთ-ერთ ლიდერად. 

"ბაიერნთან" განცდილი კრახის მერე "ბლაუგრანამ" სანახევრო რეორგანიზაცია ჩაატარა, თუმცა მივიღეთ მოცემულობა, სადაც გუნდიდან კინწისკვრით გაგდებული ფეხბურთელები ახალ კლუბებში დიდებულად გამოიყურებიან, ხოლო კატალონიური გრანდი ისევ უფსკრულში მიექანება.

ბართომეუს მმართველობის წერტილი

27 ოქტომბერს, როცა "ბარსელონას" ფეხბურთელები ტურინში იმყოფებოდნენ და "იუვენტუსთან" თამაშისთვის ემზადებოდნენ, ხოსეპ მარია ბართომეუმ თანამდებობიდან გადადგომა გამოაცხადა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

ამას წინ უძღოდა "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატის, ჟორდი ფარესა და მისი თანამოაზრეების მიერ დაწყებული პროცესი, რაც ბართომეუს იმპიჩმენტს ისახავდა მიზნად. ამ ადამიანებმა შეაგროვეს ოცი ათასზე მეტი ხელმოწერა და ჩაინიშნა რეფერენდუმის თარიღი, სადაც კლუბის წევრებს ხოსეპის გადაყენების შანსი მიეცემოდათ. მიუხედავად ამისა, "ნობიტა" რეფერენდუმს აღარ დაელოდა და პოსტი თავადვე დატოვა.

ამით დასრულდა ბართომეუს ექვსწლიანი მმართველობის ხანა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად იგი ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში დაინიშნა, ხოლო 2015 წლის ზაფხულში არჩევნებიც მოიგო და უკევ სრულუფლებიანი პრეზიდენტი გახდა. ეს ტრიუმფი  დიდწილად 2014-15 წლების სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ მოგებულმა ტრიპლეტმა განაპირობა, მაგრამ ისტორია იმაზე გაცილებით უარესად განვითარდა, ვიდრე დაიწყო.

ადამიანი, რომელმაც "ბარსელონა" საფეხბურთო მწვერვალიდან ფსკერზე ჩამოაგდო, ახლა უკვე ისტორიის ნაწილია. 2021 წლის 24 იანვარს "ლურჯ-ბროწეულისფერები" ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. დიდი ალბათობით, ეს ან ღვაწლმოსილი ჟოან ლაპორტა იქნება, ან დიდი რეფორმატორის მანტიამოსხმული ვიქტორ ფონტი. ნებისმიერ შემთხვევაში, მათგან ერთ-ერთს წინ ძალიან სერიოზული სამუშაო ელოდება, რადგან ბართომეუს მიერ დანგრეული კლუბი ხელახლაა ასაშენებელი.

ის, რაც მოხსენიების ღირსია

ბუნებრივია, 2020 წლის 366-ვე დღე "ბარსელონასთვის" კატასტროფა არ ყოფილა. გასულმა წელმა ახალ საფეხურზე აიყვანა 18 წლის სუპერტალანტი, ანსუმანე ფატიც. "ბარსას" სარეზერვო გუნდიდან წამოიჩიტნენ სხვა ახალგაზრდებიც - რიკი პუჩი, რონალდ არაუხო, ოსკარ მინგესა, კონრად დე ლა ფუენტე. ცალკე აღნიშვნის ღირსია "ლას პალმასიდან" მოყვანილი ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, ვინც სასტარტო შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა და ბრწყინვალედაც გამოიყურება. დიდი იმედებით ველოდებით კიდევ ერთი ახალგაზრდის, ფრანსიშკუ ტრინკაუს ათამაშებასაც, რადგან მასში 31 მილიონი ევროა გადახდილი, თუმცა ჯერ ამ თანხის 1%-ის საქმეც კი არ გაუკეთებია.

ივნისში შედგა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ბარტერიც, სადაც "ბარსელონამ" "იუვენტუსში" 23 წლის არტურ მელო გაუშვა, ხოლო თავად 30 წლის მირალემ პიანიჩი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსამ" ნახევარმცველების გაცვლაში 7 წელიწადი "წააგო", ოპერაციიდან 12 მილიონი ევრო შერჩა. ჯერჯერობით ახალ კლუბებში დიდად არცერთს უმართლებს, თუმცა, ალბათ, ეს სურათი შეიცვლება.

2020 წელს "ბარსამ" ბევრი სერია გაწყვიტა - ჰქონდა პირველი უტიტულო სეზონი 2007-08 წლების სეზონის მერე, მარცხი განიცადა ზედიზედ ორ "კლასიკოში", პირველად წააგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან" ლა ლიგაში, ბოლო 7 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი წააგო "კამპ ნოუზე" და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ასევე დიდი პაუზის შემდეგ მოხდა.

იყო სასიამოვნო მომენტებიც, რომელთაგან მთავარი სულ რაღაც ათიოდე დღის წინ ვიხილეთ - ლეო მესიმ მოხსნა პელეს რეკორდი ერთი გუნდის მაისურით გატანილ გოლებში. არგენტინელმა "ვალენსიასთან" გაფუჭებულ პენალტს თავური დარტყმა მოაყოლა და ისტორიაც დაწერა. ვერაფერს იტყვი, ამაზე უკეთესი მომენტი "ბარსელონას" ქომაგებს გასულ წელიწადში საერთოდ არ გვქონია.

2021

2021 წელს "ბარსელონა" ლა ლიგაში მეექვსე ადგილზე ხვდება. გუნდი გასულია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სადაც "პსჟ-ს" უნდა შეერკინოს. იანვარში გველის ესპანეთის სუპერთასი, სადაც "კლასიკოს" კონტურები გვესახება. იანვრის ბოლოსვეა საპრეზიდენტო არჩევნები, რაც კლუბის მომავალს მნიშვნელოვნად განკარგავს. 

მოკლედ რომ ვთქვათ, წინ ძალიან დატვირთული წელიწადია და იმედი ვიქონიოთ, რომ 2021 იმაზე გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე 2020 იყო.

9 თვის წინ
1198 / 0
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 601
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია