9 თვის და 3 კვირის წინ
როგორ გამოიყენებს "ბარსა" მესის - ჩავის პასუხი
როგორ გამოიყენებს "ბარსა" მესის - ჩავის პასუხი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ შეკითხვას გასცა პასუხი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი, რაზეც "მაესტრომ" ისაუბრა, ლიონელ მესის "ბლაუგრანაში" შესაძლო დაბრუნება გახლდათ.

"როგორ ვაპირებ მესის გამოყენებას? მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. შეუძლია ითამაშოს გარემარბად, ნახევარმცველად ან ცრუ ცხრიანად, სადაც მთელი ცხოვრება აქვს გატარებული.

საბოლოო ჯამში, მას ბუნებრივი გარემო უნდა მოუძებნო, რათა თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს. ვფიქრობ, მოედნის ბოლო მესამედში ტალანტი გვაკლია, ლეოს კი მისი მოცემა ყოველთვის შეუძლია. იგი დიდ დახმარებას გაგვიწევდა.

ლეო ბუნებით ლიდერია. იგი პირობებს შესანიშნავად მოერგებოდა. იგი ამ კლუბის კაპიტანი და მის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. რა თქმა უნდა, ის ყველა დროის საუკეთესოა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი მხრიდან, მესისთვის კარი 100%-ით ღიაა.

ლეო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მიიღებს. მას უნდა აცადოთ. თუ ლეოზე ყოველდღე ვილაპარაკებთ, არა მგონია, ამან რამე შეცვალოს," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი ლა ლიგისგან გეგმის დამტკიცებას ელოდება, რათა ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს ოფიციალური წინადადებით მიმართოს. ამის მოლოდინშია თავად "ლა პულგაც".

გარდა "ბარსასი", 35 წლის მეგავარსკვლავით ამერიკული და არაბული კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.


Facebook კომენტარები