როგორც მოგეხსენებათ, დღეს ერთმანეთს ვიგოს "სელტა" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.
კატალონიური გრანდი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ლა ლიგის ჩემპიონია, ამიტომ ამ შეხვედრას მათთვის სატურნირო დატვირთვა აღარ აქვს. იმავეს ვერ ვიტყვით "სელტაზე", რომელიც ლა ლიგაში დასარჩენად იბრძვის.
პრიმერადან "ესპანიოლი" და "ელჩე" უკვე გავარდნენ. რაც შეეხება მე-18 ადგილს, იქ გასვლის შანსი ერთდროულად 6 (!) გუნდს აქვს და "სელტა" ერთ-ერთი მათგანია.
იმ შემთხვევაში, თუ ვიგოელები დღეს "ბლაუგრანასთან" წააგებენ, ხოლო "ვალიადოლიდი" "ხეტაფეს" თუნდაც 1 ქულას აიღებს, "სელტა" პრიმერას დატოვებს.
სხვათა შორის, დღეს გამარჯვებით "ბარსას" შეეძლება, რომ თავის სარეზერვო გუნდს, "ბარსა ატლეტიკს" დაეხმაროს.
საქმე იმაშია, რომ "ბარსელონა ატლეტიკი" ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ასვლას ცდილობს. პლეი ოფის პირველ ნახევარფინალურ ჯახში კატალონიელებმა "რეალ მადრიდ კასტილიას" ანგარიშით 4:2 მოუგეს და საპასუხო შეხვედრისთვის კარგი უპირატესობა მიიღეს. მეორე წყვილში "სელტა B-მ" "ელდენსე" დაამარცხა - 3:2.
თუ რომელიმე წყვილში ქამბექი არ შედგა, პლეი ოფის ფინალში "ბარსელონა ატლეტიკს" სწორედ "სელტა B" შეხვდება. ესპანეთში არსებული წესის თანახმად, ერთსა და იმავე დივიზიონში ერთი კლუბის წარმომადგენლები ვერ ითამაშებენ. აქედან გამომდინარე, თუ "სელტა" ლა ლიგა 2-ში ჩაეშვა, "სელტა B" იქ ვერ აღზევდება. მაშასადამე, "ბარსელონა ატლეტიკი" ფინალის უთამაშებლად დაწინაურდება.
"თუ "სელტას" დამარცხებით "ბარსა ატლეტიკს" დახმარებას გავუწევთ, ეს უკეთესია კიდეც," - თქვა ჩავი ერნანდესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ "ბარსა" დღეს სრული მოტივაციით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ასტურიულ-კატალონიური ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.