ესპანელმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ ლიონელ მესის დაბრუნების ოპერაციის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.
წყაროს თანახმად, "ბარსელონამ" ლა ლიგასთან განიხილა "ლა პულგას" დაბრუნების ყველა შესაძლო გზა და ვარიანტი.
მესის გარემოცვამ ლა ლიგას დაურეკა, რათა "ბლაუგრანას" გადაწყვეტილების სიმყარის შესახებ შეეტყო. კატალონიაში მესის ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან უნდათ და ეს ლეომაც იცის.
თუ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს სურს კვლავ "ბარსას" ღირსების დაცვა, მან იქამდე უნდა მოითმინოს, სანამ კლუბი რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის.
მესის "ბარსელონადან" გარანტიები მიღებული აქვს, მაგრამ მისი გადასაწყვეტია, დაიცდის თუ არა, რათა სურვილი რეალობად იქცეს.
განსხვავებულ ამბავს გვაუწყებს Relevo-ს ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი. მისი მიხედვით, "ბარსელონას" შეთავაზების გაკეთება შეუძლია, მაგრამ გარანტიების მიცემა - არა. "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" გასაგები იქნება, თუ 35 წლის ფეხბურთელი მათ დიდ ხანს არ დაუცდის და სხვა შეთავაზებას მიიღებს.
ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ მესის კატალონიურ გრანდში დაბრუნების ერთადერთი გზა მეტ დროსთანაა დაკავშირებული. თუ საგა მალე დასრულდა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ლეო სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას.