Mundo Deportivo-სა და SPORT-ისთვის ერთობლივად მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესიმ დაასახელა ის მიზეზები, რატომაც მისი "ბარსელონაში" დაბრუნება ვერ შედგა.
"დაბრუნება მართლაც მინდოდა. ამას მოუთმენლად ველოდი, მაგრამ, მეორე მხრივ, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც მაშინ მივიღე, როცა გუნდი დავტოვე, აღარ მინდოდა, ისევ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი. არ მინდოდა, რომ ჩემი მომავალი სხვის ხელში აღმოჩენილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ გავიგე ლა ლიგის მიერ მწვანე შუქის ანთების შესახებ, ჩემს დასაბრუნებლად კიდევ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო.
შევიტყვე, რომ "ბარსელონას" მოთამაშეების გაყიდვა ან მათთვის ხელფასების შემცირება დასჭირდებოდა, ამ ყველაფრის თავიდან გავლა კი არ მსურდა.
როცა წავედი, ლა ლიგა მაშინაც ამბობდა, რომ ჩემი დარეგისტრირება შესაძლებელი იქნებოდა, საბოლოოდ კი, ეს არ მოხდა.
მინდოდა თავად მიმეღო გადაწყვეტილება. "ბარსელონაში" ვერ დავბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ნამდვილად ვისურვებდი," - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის დამატება "ინტერ მაიამიმ" ოფიციალურად დაადასტურა. ლეო ფლორიდულ კლუბს თავისუფალი აგენტი სტატუსით უერთდება.