ჰექტორ ბელერინი "ბარსელონას" ფეხბურთელებს დაემშვიდობა, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.
ესპანელმა ფლანგელმა დღეს "ბლაუგრანასთან" ერთად არ ივარჯიშა. მას ამის უფლება კლუბისგან ჰქონდა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ბელერინი ლისაბონის "სპორტინგში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.
ბოლო ცნობების თანახმად, ჰექტორის გაყიდვით "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 1 მილიონ ევროს იხეირებს. თუ ბელერინი ისე ითამაშებს, რომ ბონუსებისთვის დათქმულ პირობებს შეასრულებს, "ბლაუგრანას" ბიუჯეტში კიდევ 2 მილიონი ევრო შევა.
ბელერინის "სპორტინგში" გადაბარგება დამოკიდებული გახლდათ პედრო პოროს მომავალზე. გუშინ გაირკვა, რომ პორო ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელებს კარიერას, ამიტომ ჰექტორს "ლომებისკენ" მიმავალი გზაც გაეხსნა.
27 წლის ფეხბურთელთან ნაადრევი დამშვიდობებით "ბარსა" 250 ათას ევროს დაზოგავს.
შეგახსენებთ, რომ ბელერინი "ბარსას" გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან კატალონიური გრანდის მაისური სულ 7 მატჩში მოირგო.