პეპლის ეფექტი - რა მოხდებოდა ნეიმარი რომ "ბარსელონაში" დარჩენილიყო

პეპლის ეფექტი - რა მოხდებოდა ნეიმარი რომ "ბარსელონაში" დარჩენილიყო

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიელი მეგავარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი "კამპ ნოუზე" დაბრუნებას ვერ შეძლებს. 29 წლის შემტევმა 4 კვირიანი დაზიანება მიიღო და გადაწყვეტილია, რომ "პსჟ-ს" კატალონიელებთან პირველ ჯახში ვერ დაეხმარება და დიდი ალბათობით, საპასუხო დაპირისპირებასაც დააკლდება.

ნეის "ბარსელონას" სტადიონზე ხილვას არა მხოლოდ "პარი სენ ჟერმენის", არამედ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგების ნაწილიც ელოდა, რადგან მიუხედავად ბრაზილიელის მიერ ჩადენილი "ღალატისა", აქ მისადმი სენტიმენტები ჯერ კიდევ ცოცხალია.

ნეიმარის "ბლაუგრანადან" აბარგებამ კლუბში მთელი რიგი კატაკლიზმები გამოიწვია. მან ბევრი რამ შეცვალა მსოფლიო ფეხბურთშიც. მოდი, წარმოვიდგინოთ რეალობა, სადაც 2017 წლის ზაფხულში ბრაზილიელს გეზი პარიზისკენ არ აუღია და ვნახოთ, უკვე მომხდარიდან რა მოხდებოდა და რა არა:

პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ ის, რასაც ნეი "ბარსას" რიგებში მიაღწევდა. მას შემდეგ, რაც ლეო მესის მემკვიდრედ შერაცხულმა ბიჭმა კატალონია დატოვა, მისი სახელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის უფრო და უფრო იშვიათად ისმოდა. "პსჟ-ში" მან ვერ აისრულა თავისი მთავარი მიზანი - ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაც შეეხება საფრანგეთის ფარგლებში დაგროვებული ტიტულებს, ეს ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს. "ბარსაში" კი სამხრეთ-ამერიკელს ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის დაპყრობის რეალური შანსი ექნებოდა 2017-18 და 2018-19 წლების სეზონშიც.

ორივე შემთხვევაში "ასულგრანამ" ერთი მატჩის ჩაგდების გამო დატოვა ბრძოლა - ჯერ იყო კრახი რომში (0:3), მერე კი ლივერპულში (0:4). ორივე შემთხვევაში, უფრო მეტად რომში, გუნდს დააკლდა ფეხბურთელი, ვინც შანსებს შექმნიდა და მას ზუსტად გამოიყენებდა. ნეიმარი კი სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშეა - თუ არ გჯერათ, გადახედეთ ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის ფლეიოფს, სადაც ყველა გადამწყვეტ მომენტში ის ადგილზე გახლდათ.

ნეიმარის კლუბში დარჩენა კატალონიურ გრანდს დატოვებდა იმ უდიდესი თანხის გარეშე, რომელიც კლუბმა ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერებში მიაფშვნა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რანგით მესამე და მეექვსე უძვირესი შენაძენების გასაკეთებლად "ბლაუგრანას" საკმარისი თანხა არ ექნებოდა და კაცმა რომ თქვას, ეს კლუბს კარგის მეტს ალბათ არაფერს მოუტანდა. შესაძლებელია, ბრაზილიელი "ბარსას" მერსესაიდიდან მაინც წამოეყვანა, თუმცა თუ მას ახალ კლუბში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თანამემამულე, ნეიმარი დახვდებოდა, ვინ იცის, იქნებ ამას უკეთ ემოქმედა მისი თამაშის ხარისხზეც.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" კოუტინიოს ტრანსფერზე არ წავიდოდა, დიდი ალბათობით, "ლივერპული" დღევანდელი სახით ვერ იარსებებდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ "წითლებმა" თავიანთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფეხბურთელები - ვირჯილ ვან დეიკი და ალისონ ბეკერი სწორედ კოუში აღებული თანხით შეიძინეს; ასე რომ, ჩვენს სამყაროში მერსესაიდელები არც პრემიერლიგის მოქმედი ტრიუმფატორები არიან და არც ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის გამარჯვებულნი.

სატრანსფერო ამბებს შევეხეთ და ისიც თქვა, რომ "პარი სენ ჟერმენის" მიერ 222 მილიონი ევროს ერთ ფეხბურთელში გადახდამ უდიდესი გარღვევა მოახდინა. თუ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ TOP ათეულიდან 7 სწორედ ნეიმარის პარიზში გადაბარგების შემდეგ დაფიქსირდა. ათეულს თუ ქვემოთ ჩამოყვებით, სურათი უფრო და უფრო შემზარავი ხდება - მოწინავე პოზიციებზე 2018 წელზე ადრე გაკეთებული ტრანსფერი ძალიან იშვიათად შეგხვდებათ და ამის მიზეზი ჩვენ უკვე მოგახსენეთ. ნეიმარის "ბარსაში" დარჩენა კი ამას თავიდან აგვარიდებდა, ან, უარეს შემთხვევაში, გვარიანად გადაავადებდა.

ეს ამბავი გადაარჩენდა ხოსეპ მარია ბართომეუსაც. ბოლო ცნობების თანახმად, ლეო მესისა და "ბარსას" მაშინდელ პრეზიდენტს შორის შავმა კატამ სწორედ ნეიმარის აბარგების შემდეგ გაირბინა. ვინ იცის, ნეის გადაწყვეტილება რომ არა, "ნობიტას" თავისი საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე დაესრულებინა და აბსოლუტურად ყველა გულშემატკივრისთვის არ შეეჯავრებინა თავი.

საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლის შემდეგ, მეგავარსკვლავს ტრავმების გამო აურაცხებელი რაოდენობის მატჩები აქვს გამოტოვებული. ყველას გვახსოვს, რომ "ბარსელონაში" ეს პრობლემა მას ნაკლებად აწუხებდა. ჯანმრთელობა და ასპარეზობის ჩვეული დონის შენარჩუნება კი ბრაზილიელს სანუკვარი ინდივიდუალური ჯილდოებისკენ (ოქროს ბურთი, The Best) გაუხსნიდა გზას. ურთულესია, რომ მესისა და რონალდუს ეპოქაში ამ პრიზების მოგება ვინმეს უწინასწარმეტყველო, თუმცა ფაქტია: კვლავ "კამპ ნოუზე" მოთამაშე ბრაზილიელი მათთან იმაზე გაცილებით მეტად იქნებოდა ახლოს, ვიდრე ახლაა.

ასეა თუ ისე, დღეს ნეიმარი "პსჟ-შია". ამას რომ ნანობს, ორი წლის წინ დავრწმუნდით, როცა მთელი ზაფხულის მანძილზე ცდილობდა მშობლიურ (ევროპაში) გუნდში დაბრუნებას, თუმცა ეს ვერ შეძლო. ჩემპიონთა ლიგიდან "პარი სენ ჟერმენის" გამოთიშვა ამ ფაქტორის გამოცაა "ბარსელონასთვის" პრინციპული საკითხი, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ გუნდი ამას მოახერხებს.

1 კვირის წინ
1728 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1083
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ