პეპლის ეფექტი - რა მოხდებოდა, რომ არა "ბარსელონას" კრახი "ენფილდზე"

პეპლის ეფექტი - რა მოხდებოდა, რომ არა "ბარსელონას" კრახი "ენფილდზე"

"ბარსელონა" ჭაობშია. ჭაობიდან ამ უპრეზიდენტო (!) კლუბის ამოთრევის პასუხისმგებლობა დღეს რონალდ კუმანს აქვს აკიდებული. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუნდს ხან ერთი ფორმაცია მოარგო, ხან მეორე, ახალგაზრდებს ნდობა გამოუცხადა, თითქოს გასახდელშიც გამოასწორა სიტუაცია, თუმცა ერთი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და "ბლაუგრანა" ისევ უფსკრულში აღმოჩნდა.

ახლა კატალონიური გრანდის ყველა ქომაგი საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება. "ბარსას" პრეზიდენტის სკამი თითქმის გამზადებული აქვს ჟოან ლაპორტას, ვინც კლუბი ისევ უნდა ააღორძინოს. ჟოანს ბევრი საქმე ელოდება - ფინანსური პრობლემები გამოსასწორებელია, შემადგენლობა - გასაძლიერებელი და რაც მთავარია, ლეო მესი "კამპ ნოუზე" უნდა დარჩეს.

დღეს ევროპაში არ მოიძებნება გრანდი, რომელიც "ბარსელონაზე" უარეს დღეშია და ეს ყველაფერი ერთმა მატჩმა დააჩქარა. მატჩმა, რომელიც 2019 წლის 7 მაისს, "ენფილდზე" შედგა.

თუ წარმოვიდგენთ სამყაროს, სადაც ტრენტ ალექსანდრ არნოლდს კუთხური ისე სწრაფად არ მოუწოდებია, ან, თავი რომ დავიზღვიოთ, საქმე იქამდე საერთოდ არ მისულა, ჩვენ მოვლენების საკმაოდ მრავალფეროვან კასკადს მივიღებთ.

მერსესაიდში განცდილმა სირცხვილმა "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის ტიტული წაართვა. უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, რაც ფეხბურთის ქომაგს ლონდონის "ტოტენჰემისადმი" უნდა გააჩნდეს, ბუნებრივია, რომ ისინი "ლურჯ-ბროწეულისფერებს" დიდ პრობლემებს ვერ შეუქმნიდნენ. ამ აზრს ამყარებს ისიც, რომ "მამლებს" ერნესტო ვალვერდეს შეგირდები ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და ლონდონშივე აჯობეს. გარდა ამისა, "წითლებთან" ფინალურ დაპირისპირებაში "ტოტენჰემმა" იმდენად უუნარო გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, რომ ძნელი წარმოსადგენია, მათ მაინცდამაინც "ბარსელონასთან" გამოეღოთ ხელი.

გარდა ევროპის უპრესტიჟულესი ტიტულისა, უპრიანი იქნება ვთქვათ, რომ ერთი ჩაგდებული თამაშის გამო "ბლაუგრანამ" დაკარგა ტრიპლეტი. ლა ლიგა "ბარსას" უკვე განაღდებული ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგაზეც მოგახსენეთ, რაც შეეხება კოპა დელ რეის, გუნდი იქ ფინალში გახლდათ გასული და "ვალენსიას" ელოდებოდა. ის ფინალი "ბარსამ" სწორედ "ენფილდზე" მომხდარი კატასტროფის ინერციით წააგო. რთულია, რომ ამაზე სხვა აზრი გქონდეს. ძნელი წარმოსადგენია, ჩემპიონთა ლიგის მოგებით ფრთაშესხმულ გუნდს თავისი საყვარელი ტურნირის, ესპანეთის სამეფო თასის ფინალი დაეთმო. ამ ფრონტზე ტრიუმფით კი კატალონიური გრანდი ისტორიაში მესამე ტრიპლეტს შეკრავდა, რაც უნიკალური მიღწევა იქნებოდა.

ლოგიკას რომ გავყვეთ, კატალონიურ გრანდს კალენდარულ წელიწადში 6 ტიტულის მოგების შანსიც მიეცემოდა, თუმცა ამის გაკეთება იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუნდაც განაღდებულად ჩავთვალოთ ევროპის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი, ესპანეთის სუპერთასზე თუ როგორი დასასრული ხვდა "ბარსას", ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" შესანიშნავად ითამაშეს, თუმცა როგორღაც მოახერხეს და ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. ძნელი სავარაუდოა, წინა სეზონის წარმატებებით ზურგგამაგრებული გუნდი შეძლებდა თუ არა ამ ბარიერის გადალახვასაც, თუმცა, ალბათ, უფრო მეტი თავდაჯერება მათი კიდევ ერთი ტრიუმფის შანსს გაზრდიდა.

"ლივერპულის" სასწაულმა გავლენა კიდევ ერთ ტურნირზე, თანაც სანაკრებო ტურნირზე იქონია. საუბარია 2019 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე, სადაც ლეო მესის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვერსია ვიხილეთ. არგენტინელმა სულ ერთი გოლი გაიტანა, ისიც პენალტიდან და თავი ყველაზე მეტად მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, ჩილეს წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათით დაგვამახსოვრა. თამაშის დასრულებისთანავე ოქროს ბურთის ჯერ კიდევ ხუთგზის მფლობელმა სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კორუფციაში დაადანაშაულა და მსუყე დისკვალიფიკაციაც მიიღო. მესის აშკარად ეტყობოდა, რომ ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში გახლდათ და დაგროვილმა ემოციებმა სწორედ ჩილესთან ჯახის მერე ამოხეთქა.

ოქროს ბურთი ვახსენეთ და მიუხედავად იმისა, რომ "ლა პულგამ" ეს ჯილდო და The Bestი მაინც მოიგო, 2019 წლის 7 მაისს ჩატარებული მატჩის შედეგის შეცვლა იმ კითხვის ნიშნებს სრულად გააქრობდა, რომელიც ფეხბურთის ფანების ნაწილს დღემდე აქვს შემორჩენილი. "ბარსას" კაპიტანი მსოფლიოს ყველაზე დიად საკლუბო ტურნირს მარტო, ყოველგვარი დახმარების გარეშე მოიგებდა (თუ იმ სეზონს გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით) და ეს მისი კარიერის სრულიად ახალი სიმაღლე იქნებოდა. თანაც, მესი შეასრულებდა დაპირებას, რომელიც 2018 წლის აგვისტოში გასცა ჩემპიონთა ლიგის თასის "კამპ ნოუზე" დაბრუნებასთან დაკავშირებით.

"ენფილდზე" ჩატარებულმა შეხვედრამ რადიკალურად შეცვალა კატალონიური გრანდის მაშინდელი თავკაცის, ერნესტო ვალვერდეს ბედიც. ბასკი სპეციალისტისთვის მოგებული ტრიპლეტი იქნებოდა ის რეაბილიტაცია, რომელიც მას რომში ნაჭამი სირცხვილის მერე სჭირდებოდა. სხვათაშორის, "სტადიო ოლიმპიკოზე" ვიზიტისგან განსხვავებით, ამჯერად ერნესტომ თითქოს ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ ფეხბურთელთა ინდივიდუალურმა შეცდომებმა ყველაფერი დაღუპა. დღეს გამოცდილი მწვრთნელი საფეხბურთო სამყაროსთვის საქილიკოდ ქცეული და თანაც უმუშევარია, რაც 95%ით სწორედ იმ დღის დამსახურებაა.

კიდევ ერთი პიროვნება, ვინც მარტო დარჩა, ჟორდი ალბაა. იმ ავადსახსენებელ დღემდე ესპანელი ფლანგელი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ლამის საუკეთესოდ მოიაზრებოდა და ფანებსაც მისდამი ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორიც უნდა ჰქონდეს გულშემატკივარს თავისი საყვარელი გუნდის ფეხბურთელთან მიმართებაში. ეს ყოველივე კი მერსესაიდელებთან საპასუხო ჯახში შეიცვალა, სადაც ალბამ ორი გოლი პირადად აჩუქა "წითლებს" და პირველ ტაიმში, მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი ლეო მესის "შეტენა" და ამ გაუგებარი გადაწყვეტილებით ყველას გულისწყრომა დაიმსახურა.

რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ "სქაუზერების" საყვარელმა ბიჭებმა ძალიან ბევრი კარგი წუთი წაგვართვეს. თუმცა, ის პრობლემები, რაც კლუბში იყო დაგროვილი, ადრე თუ გვიან მაინც გამოვლინდებოდა. ერთსეზონიანი, მთლიანად ლეო მესის მხრებზე აგებული წარმატება მთლიანად ვერ შეცვლიდა იმ დამღუპველ ვექტორს, რომელიც "ბარსელონას" ბოლო წლების მანძილზე ჰქონდა აღებული. თეორიულად იმის წარმოდგენაც შეიძლება, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი მფლობელი "ბარსელონა" არც "ბაიერნთან" წააგებდა 2:8-ს და არც კიდევ უამრავ მტკივნეულ დღეს გამოატარებდა თავის ქომაგს, თუმცა ეს თეორიები მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს. რეალურად კი კატალონიური გრანდი უღრმეს კრიზისშია, საიდანაც მალე ამოუსვლელობის შემთხვევაში, ყველაფერი უფრო და უფრო უარესად წავა.

 

1 თვის წინ
686 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 723
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ