1 წლის და 7 თვის წინ
"ბარსას" 3 ფეხბურთელი, რომლებსაც მესის დაუბრუნებლობა გაუხარდათ
"ბარსას" 3 ფეხბურთელი, რომლებსაც მესის დაუბრუნებლობა გაუხარდათ

El Nacional-ის ინფორმაციით, იმ ფაქტმა, რომ ლიონელ მესი "ბარსელონაში" ვერ დაბრუნდა, კატალონიური გრანდის 3 ფეხბურთელი გაახარა. ეს მოთამაშეები მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, უსმან დემბელე და ანსუ ფატი არიან.

ტერ შტეგენისა და მესის კონფლიქტზე ადრეც დაწერილა. ეს გერმანელმა მეკარემ 2021 წელს, ლეოს "კამპ ნოუდან" აბარგების დროს დაადასტურა კიდეც.

"ლეო, მთელი ამ წლების განმავლობაში შენს გვერდით თამაში სიამოვნება იყო. მომენტებსა და ტიტულებთან დაკავშირებით, ერთად ბევრი სიხარული განვიცადეთ. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი აზრები არ ემთხვეოდა, ყოველთვის ერთი მიმართულებით მივდიოდით და, წაგებისა თუ მოგების მიუხედავად, როგორც პიროვნებები, ვიზრდებოდით," - თქვა მაშინ მარკმა.

ანსუს კმაყოფილებასაც აქვს ლოგიკური საფუძველი, რამეთუ მესის დასარეგისტრირებლად კლუბს სწორედ 20 წლის თავდამსხმელის გაყიდვა დასჭირდებოდა. გარდა ამისა, ფატი გუნდში რომც დარჩენილიყო, დიდი ალბათობით, 10-ნომრიანი მაისურის დათმობა მოუწევდა.

რაც შეეხება დემბელეს, არგენტინელ მეგავარსკვლავთან მის კონფლიქტზე ხმები გვსმენია, მაგრამ იგი სანდო წყაროებისგან არასდროს გაჟღერებულა.

ისე, დიდი სანდოობით ვერც El Nacional-ი დაიკვეხნის...

შეგახსენებთ, რომ მესიმ არჩევანი "ინტერ მაიამიზე" შეაჩერა. ფლორიდულ კლუბში მისი ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.


Facebook კომენტარები