ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩავი ერნანდესი "ბარსელონაში" პედრის შემცვლელის მოყვანაზე ოცნებობს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 43 წლის სპეციალისტის რჩეული ბერნარდუ სილვაა. "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავი გამთამაშებლობის ბრწყინვალე უნარით გამოირჩევა და გოლების გატანაც შეუძლია.
ჩავის მეორე ვარიანტად ილქაი გიუნდოგანი ჰყავს. 32 წლის გერმანელი, ბერნარდუსთან შედარებით, უფრო სიღრმეში მოქმედებს, მაგრამ გოლების მისეული სტატისტიკა ძალიან შთამბეჭდავია.
"სიტიზენთა" კაპიტანმა გასულ სეზონში 11 გოლი შეაგდო, რაც ყველაფერზე მეტყველებს.
ბუნებრივია, პედრის შემცვლელის ძებნა არ ნიშნავს იმას, რომ გონსალესი სასტარტო შემადგენლობის წევრი აღარ იქნება. უბრალოდ, პედრის ხშირი ტრავმიანობა კატალონიელთა დიდი პრობლემაა. კლუბში მნიშვნელოვნად თვლიან, გუნდის შეტევას კრეატივის კიდევ ერთი წყარო დაუმატონ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდუს "ბლაუგრანაში" ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია, ილქაისთან კი "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ძალიან ახლოს არიან.