"ნიუკასლ იუნაიტედი" "ბარსელონას" რაფინიას სანაცვლოდ 30 მილიონ ევროსა და ბრუნო გიმარაეშს სთავაზობს, - იუწყება ჟერარ რომერო.
ბრაზილიელ გარემარბს უკვე დიდი ხანია, რაც "ჯორდებს" უკავშირებენ. ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "კაჭკაჭები" 80 მილიონი ევროს გადასახდელადაც იყვნენ მზად, მაგრამ "ბარსამ" ეს წინადადება უარით გაისტუმრა.
ახალი შეთავაზება კატალონიელთათვის შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს, რადგან კლუბი ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას ესწრაფვის, ბრუნო კი პოზიციით სწორედ საყრდენია.
ცნობისთვის, გასულ სეზონში გიმარაეში "ნიუკასლის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. მან 5 გოლი და 5 ასისტი მიითვალა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
25 წლის ბრაზილიელი "ჯორდებს" ლიონის "ოლიმპიკიდან", 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჰყავთ ნაყიდი.
რაც შეეხება რაფინიას, მას "ბარსელონას" დატოვება არ უნდა.