2 წლის და 10 თვის წინ
ჩავი და დეკუ სხვადასხვა აზრზე - რას იზამს "ბარსელონა"
ჩავი და დეკუ სხვადასხვა აზრზე - რას იზამს "ბარსელონა"

ესპანურმა SPORT-მა "რეალ სოსიედადის" 22 წლის ნახევარმცველით, მარტინ ზუბიმენდით "ბარსელონას" დაინტერესების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს თანახმად, ჩავი ტრანსფერის განხორციელებას ითხოვს, მაგრამ "ბარსას" ახალ სპორტულ დირექტორს, დეკუს ეჭვები აქვს ფეხბურთელის ფასთან, გამოცდილებასთან და "ბარსასთან" ადაპტირების უნართან დაკავშირებით.

"ბლაუგრანას" ბორდისა და ტექნიკური გუნდის ბოლო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კატალონიელები კიდევ ერთხელ ეცდებიან "ჩური ურდინის" ტრანსფერზე დაყოლიებას, თუმცა ისინი ჭკუიდან არ შეიშლებიან. მაშასადამე, უარის მიღების შემთხვევაში, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სხვა ვარიანტზე გადაერთვებიან.

SPORT-ს თუ დავუჯერებთ, დეკომ უკვე დაიწყო სატრანსფერო ბაზარზე ალტერნატიული კანდიდატების ძებნა.

ეს ფაქტი ამყარებს ესპანური გამოცემის ცნობას, რომლის მიხედვითაც, დეკო ჟორდი კრუიფისგან განსხვავებულად მუშაობს. კრუიფის ყველა ქმედება ჩავისთან იყო შეთანხმებული, პორტუგალიელს კი მთავარ მწვრთნელთან აზრთა სხვადასხვაობა უკვე ჰქონდა.

ძნელი სათქმელია, რამდენად დადებითად იმოქმედებს კლუბზე ჩავისა და დეკოს მსგავსი ურთიერთობა, თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ მათი აზრები ხშირად დაემთხვევა ერთმანეთს.


Facebook კომენტარები