"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "რეალ ბეტისთან" მოგებული შეხვედრა მატჩისშედგომ ჩაწერილ ინტერვიუში შეაფასა.
43 წლის სპეციალისტმა ანდალუსიური გუნდის წინააღმდეგ ნათამაშებ თამაშს მისი გუნდისთვის სეზონის საუკეთესო მატჩი უწოდა.
"ჩვენ დიდებული თამაში ვაჩვენეთ. მას ბოლომდე ვაკონტროლებდით და ნახევარდაცვა გვეჭირა.
ძალიან ბევრი საგოლე შანსი შევქმენით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ერთ-ერთ ურთულეს სტადიონზე მოვახერხეთ, ამ მატჩს სეზონის ერთ-ერთ საუკეთესოდ მოვნათლავდი.
ლევანდოვსკი მაღალი დონის თავდამსხმელია. ის ყოველთვის ქმნის განსხვავებას.
რაფინიამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.
ბალდეს დაცვაში და შეტევაში უზარმაზარი პოტენციალი აქვს და იგი აუცილებლად უნდა გამოავლინოს.
ჩვენ გვყავს 4 ნახევარმცველი, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას და გუნდის ინტერესებისთვის საუკეთესოდ მოქმედებენ. ეს დომინაციის საშუალებას გვაძლევს.
ვუყურებ გავის 6-ნომრიანი მაისურით და ეს მაბედნიერებს. ნოსტალგიურია, რადგან ამ მაისურს მე ვეღარ ვიცვამ. ვფიქრობ, გავი მას მრავალი წლის განმავლობაში მოირგებს," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" გუშინ რაფინიასა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით იმარჯვა.
კატალონიურ გრანდს ლა ლიგაში 50 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "რეალს" 8 ქულით უსწრებს, თუმცა სხვაობის შემცირების საშუალება "სამეფო კლუბს" დღეს "ვალენსიას" წინააღმდეგ მიეცემა.