ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" მთავარ ამოცანას საყრდენი ნახევარმცველის დამატება წარმოადგენს.
"ბლაუგრანა" ჯერ მარტინ ზუბიმენდისა და იოზუა კიმიხს უტრიალებდა, შემდეგ კი მთავარ სამიზნედ მარსელო ბროზოვიჩი დასახელდა, თუმცა დღეს შევიტყვეთ, რომ "ინტერის" ხორვატი შუახაზელი არაბული კლუბისგან მიღებულ წინადადებაზე დათანხმებასთან ძალიან ახლოსაა.
ჟურნალისტ ჟერარ რომეროს თუ დავუჯერებთ, "ბარსასთვის" ახლა ყველაზე რეალური ვარიანტები დანი პარეხო (ვილიარეალი) და ორიოლ რომეუ (საუთჰემპტონი) არიან.
პარეხოს "ბარსაში" ხილვის მაღალ ალბათობაზე წერს Relevo-ც.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, დანისა და "ვილიარეალს" შორის დადებულ კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც 32 წლის ნახევარმცველს, მისი სურვილის შემთხვევაში, გუნდიდან უფასოდ წასვლის შესაძლებლობას აძლევს.
მიუხედავად ამისა, დანი "ყვითელ წყალქვეშა ნავში" თავს ბედნიერად გრძნობს. იგი ისურვებდა, რომ თუ "ესტადიო დელა სერამიკადან" აიბარგებოდა, ამით ფინანსურად "ვილიარეალსაც" ეხეირა.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილი შუახაზელი ჩავი ერნანდესის ფავორიტად მიიჩნევა.
გასულ სეზონში ჩატარებულ 50 მატჩში პარეხომ თავი 3 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.