"ბარსელონას" უნდა, რომ ამ კვირაში 4 ფეხბურთელი გაყიდოს, - იუწყება Diario SPORT.
ესპანური გამოცემის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" შემდეგ მოთამაშეებთან დამშვიდობებაზე მუშაობენ: კლემან ლანგლე, სამუელ უმტიტი, სერჟინიო დესტი და ალექს კოლადო.
"ბლაუგრანას" დრო პარასკევამდე აქვს, რადგან 2022/2023 წლების სეზონი 30 ივნისს იხურება. სწორედ 30 ივნისს მთავრდება ფინანსური წელიწადი და თუ კლუბმა ხსენებული ოთხეულის გასხვისება ვერ მოახერხა, სახელფასო განაკვეთს 50 მილიონ ევროს ვერ ჩამოაწერს.
როგორც ირკვევა, ლანგლეში "ბარსას" 10 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვს. ფრანგი მცველით ინტერესდება ლონდონის "ტოტენჰემი".
მსურველი ჰყავს მეორე ფრანგსაც - უმტიტი ლიონის "ოლიმპიკის" რადარზეა.
რაც შეეხებათ დესტსა და კოლადოს, მათი სიტუაცია უფრო რთულია, რადგან მსურველები ჯერ არ გამოჩენილან. მიუხედავად ამისა, კატალონიურ გრანდში ზუსტად იციან, რომ ამ ფეხბურთელებს არ შეინარჩუნებენ.