როგორც იცით, "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველის დამატება სჭირდება, თუმცა კლუბს ამის გაკეთება ძალიან უჭირს.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ვერ ახერხებენ ვერც მარტინ ზუბიმენდისა და ვერც იოზუა კიმიხის დამატებას. მარსელო ბროზოვიჩიც არაბეთში გადაბარგებასთან უფრო მეტადაა ახლოს, ვიდრე "ბლაუგრანას" მაისურის მორგებასთან.
აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, კატალონიური გრანდი ნომინალური საყრდენის გარეშე დარჩეს.
SPORT-ის ინფორმაციით, თუ "ბარსელონა" სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ვერ შეიძენს, შესაძლებელია, რომ საყრდენად ანდრეას კრისტენსენმა ითამაშოს.
ესპანური გამოცემის თანახმად, ჩავი ერნანდესი კრისტენსენს ამ როლის შესრულებისთვის მზად მიიჩნევს.
"ბარსას" თავკაცმა უკვე აწია ერთი ცენტრალური მცველი უფრო მაღლა, მაგრამ ეს არა დანიელი, არამედ ერიკ გარსია გახლდათ. გარსიამ "მაესტროს" მოლოდინები ვერ გაუმართლა, ამიტომ ლოგიკურია, რომ მას მოედნის ცენტრში აღარ მოიაზრებენ.
ცნობისთვის, კატალონიურ გრანდს დანი პარეხოსა (ვილიარეალი) და ორიოლ რომეუსაც (ჟირონა) უკავშირებენ.