"ბარსელონას" ფინანსური ფეარ-პლეის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდება, თუმცა კლუბი ამას ვერა და ვერ ახერხებს.
Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის თქმით, "ბლაუგრანაში" უკმაყოფილებას ვერ მალავენ იმ ფაქტით, რომ მოთამაშეები წასვლაზე უარს აცხადებენ. ერთადერთი, ვინც კლუბის საჭიროებები გაიგო და პრეტენზიები არ წამოაყენა, ფრანკ კესიე გახლდათ.
ფერან ტორესი და ანსუ ფატი გუნდის შეცვლის სურვილს არ ამჟღავნებენ და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენისაკენ არიან მომართულნი, მიუხედავად იმისა, რომ იციან, რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არც შემდეგ სეზონში ექნებათ. კლუბი მათი დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია.
ღიაა ერიკ გარსიას საკითხიც. სამწვრთნელო შტაბის გეგმებში ესპანელი მცველი აღარ შედის. მის მდგომარეობას ამძიმებს ინიგო მარტინესის დამატებაც, რაც გარდაუვალია.
კატალონიურმა გრანდმა შეიძლება პაბლო ტორე გაანათხოვროს, თუმცა ეს კლუბს დიდად ვერ წაადგება, რადგან ახალგაზრდა ნახევარმცველის ანაზღაურება უმნიშვნელო ოდენობისაა.
წყაროს თანახმად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ "ბარსამ" კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტის გათავისუფლების წერილი მისცეს. მართალია, ასე "ბარსა" ფრანგ მცველებს უფასოდ დაკარგავს, მაგრამ მათი გაშვებით სახელფასო განაკვეთს მაინც შეამცირებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 30 ივნისამდე "ბარსელონას" ლანგლეს, უმტიტის, სერჟინიო დესტისა და ალექს კოლადოს გასხვისება სწადია, ოღონდ კონკრეტული შეთავაზებები ჯერ კიდევ არ ჩანს.