"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Onze-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მმართველს მოუწია საუბარი, კატალონიურ გრანდში ლიონელ მესის შეუმდგარი დაბრუნება გახლდათ.
"ვფიქრობ, მესის "ბარსელონაში" უნდოდა დაბრუნება. მამამისმა თქვა, რომ ლეოს პარიზთან შეჩვევა ძალიან გაუჭირდა. ლეოს მსგავსი წნეხის კიდევ ერთხელ გამოვლა აღარ უნდოდა.
პატივს ვცემ მესის "ინტერ მაიამიში" წასვლის გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, ის იქ კარგად ითამაშებს.
მესისთვის სუპერცერემონიის მოწყობაზე ვმუშაობთ. ახალი "სპოტიფაი კამპ ნოუს" გახსნის დღე საამისოდ იდეალური იქნებოდა," - განაცხადა ლაპორტამ.
თავის სტადიონს "ბლაუგრანა" 2024 წლის ნოემბერში დაუბრუნდება. როგორც ჩანს, "ბარსელონაში" უნდათ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელისთვის საკადრისი პატივის მისაგებად ჩასანიშნი შეხვედრა სწორედ ამ თარიღს დაუმთხვიონ.
რაც შეეხება მესისა და "ინტერ მაიამის", რამდენიმე დღის წინ ფლორიდელებმა სერხიო ბუსკეტსი გაიფორმეს. დევიდ ბექჰემის კლუბი ლეგენდებს 16 ივლისს წარადგენს.