1 წლის და 4 თვის წინ
3 აზრი საყრდენის შესახებ - "ბარსაში" ვერ თანხმდებიან
3 აზრი საყრდენის შესახებ - "ბარსაში" ვერ თანხმდებიან

როგორც მოგეხსენებათ, მარსელო ბროზოვიჩის მიერ "ალ ნასრის" არჩევის შემდეგ, "ბარსელონა" "ჟირონას" საყრდენი ნახევარმცველის, ორიოლ რომეუს ტრანსფერზე გადაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს Relevo-მ ახალი ცნობები გაავრცელა.

ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, რომეუ "ბლაუგრანასთვის" რეალური ვარიანტია, თუმცა კლუბში ბოლომდე ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, შეიძენენ თუ არა მას.

რომეუს კანდიდატურა "ბარსაში" კონსესუსს არ წარმოშობს. განიხილება ალტერნატიული ვარიანტებიც. მიუხედავად ამისა, თუ კლუბმა უკეთესს ვერავის მიაგნო, რჩეული სწორედ ორიოლი გახდება.

წყაროს თანახმად, სამწვრთნელო შტაბში ფიქრობენ, რომ 31 წლის შუახაზელი გუნდს ბევრ რამეს შესძენს და მის მოყვანას ძალიან სწრაფი, დადებითი ეფექტი ექნება.

"ბარსელონას" უფროსობის ზოგიერთი წევრის მოსაზრებით, უმჯობესია, ჩავიმ საყრდენად ნიკო გონსალესი სცადოს ან ფსონი ფრენკი დე იონგის, ილქაი გიუნდოგანის, პედრი გონსალესის, ანდრეას კრისტენსენის უნივერსალურობაზე დადოს. არსებობს ის აზრიც, რომ "ბარსელონამ" უნდა დაიცადოს და ნახოს, სატრანსფერო ბაზარზე რა შეიცვლება. მაშასადამე, რომეუს ახლა დამატებას ეს ფლანგიც არ ემხრობა.

თავად ფეხბურთელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგება ძალიან უნდა. ორიოლის გამოსასყიდი თანხა 6 მილიონ ევროზე მეტია. "ჟირონაში" კატალონიური გრანდის ინტერესზე ჯერ არაფერი იციან და მოთამაშის შენარჩუნება სურთ. 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რომეუმ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 2 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები