1 წლის და 9 თვის წინ
ფატის მსურველი გამოუჩნდა - რას ფიქრობენ "ბარსაში"
ფატის მსურველი გამოუჩნდა - რას ფიქრობენ "ბარსაში"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონას" ანსუ ფატის შესახებ სთხოვა ინფორმაცია, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი ლუის მიგელსანზი.

ინგლისური გრანდი ზაფხულში 20 წლის თავდამსხმელის გადაბირებას ეცდება.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ანსუმანეს ახლა გაყიდვა არ სურთ, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ თამაშს აჩვენებს ფატი სეზონის მეორე ნახევარში.

ანსუსთვის მნიშვნელოვანი რეგულარული სათამაშო დროის ქონაა, ამას კი იგი ჩავისგან ვერ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები აღარ აწუხებს. გარდა ამისა, "ბარსას" თავკაცმა მარცხენა გარემარბად პაბლო გავის გამოყენება დაიწყო, რამაც გუნდისთვის ფატის მნიშვნელობა კიდევ უფრო შეამცირა.

ესპანურ პრესაში არაერთხელ გაჟღერებულა, რომ "ბლაუგრანას" ზაფხულში რომელიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვა დასჭირდება საკუთარი ფინანსური მდგომარეობის დასასტაბილურებლად, ანსუ კი საამისოდ შესანიშნავი ვარიანტია.

ფატის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა უკვე დაიწყო "ბარსას" ათიანით დაინტერესებული გუნდების მოძებნა. "წითელი ეშმაკები" ასეთთა რიგში მოწინავე ადგილს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ ანსუს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა. მიმდინარე სეზონში მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 3 ასისტი.


Facebook კომენტარები