როგორც მოგეხსენებათ, სტამბოლის "ფენერბახჩეს" 18 წლის ნახევარმცველმა არდა გიულერმა არჩევანი მადრიდის "რეალზე" გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მისგან ყველა "ბარსელონაში" გადასვლას ელოდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მოულოდნელ წარუმატებლობაზე Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როხერ ტორელოც წერს.
წყაროს თანახმად, "ბარსას" "ფენერბახჩესთანაც" და არდასთანაც შეთანხმება ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელს გუნდის ამ ზაფხულსვე შეცვლა უნდოდა, კატალონიურმა გრანდმა კი მას ამის გარანტია ვერ მისცა. სწორედ ამან შეცვალა ყველაფერი.
"ჩვენ ვიპოვეთ გზა, რათა იგი კიდევ ერთი წელი დარჩენილიყო, მაგრამ წასვლა მოინდომა," - ეს "ფენერბახჩეს" პრეზიდენტის, ალი კოჩის სიტყვებია, რაც ტორელოს ინფორმაციასაც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" არდას დარეგისტრირებას რთულ ამოცანად თვლიდა, ამიტომ ერჩივნა, 18 წლის ტალანტი "ფენერბახჩეში" ერთწლიანი იჯარით დაეტოვებინა.
ცნობისთვის, გიულერის გამოსასყიდი თანხა 17.5 მილიონი ევროა. გასულ სეზონში მან 6 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.