"ბარსელონას" ფრანგი გარემარბი, უსმან დემბელე "პარი სენ-ჟერმენს" კიდევ ერთხელ დაუკავშირეს.
FootMercato-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პარიზელები კილიან მბაპეს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაკარგავენ, თავიანთი ლიდერის შეცვლას სწორედ უსმანით ეცდებიან.
დემბელეს გამოსასყიდი თანხა ახლა 50 მილიონი ევროა, რისი გადახდაც "პსჟ-სთვის" პრობლემა არ იქნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უსმანის დიდი თაყვანისმცემელია პარიზული გუნდის ახალი თავკაცი, ლუის ენრიკე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, Mundo Deportivo წერს, რომ "ბლაუგრანას" მესაჭე, ჩავი ერნანდესი სიმშვიდეს ინარჩუნებს.
ესპანური გამოცემის მიხედვით, 26 წლის გარემარბს კატალონიური გრანდის დატოვება არ უნდა. პირიქით, დემბელე ახალი კონტრაქტის გაფორმებას უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" შვიდიანს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ივლისში ეწურება. გასულ სეზონში მან თავი 8 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.