"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი დღეს საფეხბურთო კამპუსის გახსნას დაესწრო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც 43 წლის სპეციალისტს მოუწია საუბარი, "ბლაუგრანას" კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველის, ფრანკ კესიეს მომავალი გახლდათ.
"ფრანკ კესიე? დიახ, მას ვესაუბრე.
მან სიტუაცია უკვე იცის. ეს პირადი საუბარი გახლდათ და მას არ გავასაჯაროვებ," - თქვა "მაესტრომ".
დასკვნა, რომლის გამოტანაც ჩავის ამ განცხადებიდან შეიძლება, ის გახლავთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 26 წლის შუახაზელს მართლაც სთხოვეს გუნდის დატოვება.
მართალია, კესიეს წასვლა არ უნდა, მაგრამ ესპანურ პრესაში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, იგი არ გაჯიუტდება. კესიეს კარიერის გერმანიაში ან ინგლისში გაგრძელება ურჩევნია, თუმცა ინტერესი ახლა მხოლოდ საუდის არაბეთიდან ჩანს.
"ბლაუგრანა" ფრანკის გაყიდვით 25-30 მილიონი ევროს გამომუშავებას იმედოვნებს.