1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონა" ობამეიანგს აბრუნებდა - რამ შეუშალა ტრანსფერს ხელი
"ბარსელონა" ობამეიანგს აბრუნებდა - რამ შეუშალა ტრანსფერს ხელი

გუშინ დადასტურდა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ამოიღო. გაბონელს "სტემფორდ ბრიჯზე" საქმეები უფრო და უფრო ცუდად მისდის. ამ ფონზე, მისთვის კიდევ უფრო გულდასაწყვეტი უნდა იყოს ის მოვლენები, რომლებიც იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე განვითარებულა.

ესპანელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, იანვარში ობას "ბარსელონაში" დაბრუნების საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა.

Diario AS-ის რეპორტიორი წერს, რომ გამოცდილი ცენტრფორვარდის დაბრუნებას პირადად ჩავი ერნანდესი ითხოვდა.

"ბარსამ" დასტური მიიღო ფიფასგანაც, მაგრამ ტრანსფერის განხორციელებას ხელი მაინც შეეშალა. დამნაშავე კვლავაც ლა ლიგა გამოდგა, რომლის რეგულაციებმაც 33 წლის შემტევის კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ხილვა შეუძლებელი გახადა.

არადა, მემფის დეპაის "ატლეტიკოში" წასვლამ კატალონიელთა შემტევი პოტენციალი მნიშვნელოვნად შეასუსტა, პიერ-ემერიკი კი ამის გამოსასწორებლად შესანიშნავი კადრი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ობამ "ბარსელონაში" 7 თვე გაატარა. აქ ჩატარებულ 24 მატჩში მან თავი 13 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება "ჩელსის", იქ მისი მონაგარი 3 გოლი და 1 ასისტია.


Facebook კომენტარები