Don't cry for me Barcelona - რა დაგვანახა ბოლო ორმა დღემ

Don't cry for me Barcelona - რა დაგვანახა ბოლო ორმა დღემ

მაშინ, როდესაც ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში მეოთხე ფინალი წააგო და სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა, სოციალურ ქსელი თუ პრესა ერთი, მეტად მრავლისმთქმელი წინადადებით იყო აჭრელებული: "Don’t cry for me Argentina". იმან, რამაც ევა პერონისადმი მიძღვნილი სიმღერიდან ამოღებული ეს ფრაზა საზოგადოებას  გაახსენა, სულ რამდენიმე თვე გასტანა, რადგან ლეო ნაკრებში მალევე დაბრუნდა და 5 წლის თავზე კოპა ამერიკის სანუკვარი თასიც დაისაკუთრა, თუმცა გუშინდელ  მოვლენას ასეთი გაგრძელება აღარ ექნება. უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მესი ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს და "ბარსელონას" ბევრ გულშემატკივარსაც აატირებს.

ფანების ცრემლები ვახსენეთ, თუმცა ეს მარტივი გადასატანი არც თავად "ლა პულგასთვის" იქნება. ესპანურ მედიაში უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ მესი თავს განადგურებულად გრძნობს და ძნელია, მის მდგომარეობაში ვერ შევიდეთ, რადგან ზუსტად ასეთივე სასოწარკვეთილება სუფევს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგების აბსოლუტურ უმრავლესობაში. წინა წლის აგვისტოში, როცა გაცხადებულად ვიცოდით, თუ რაოდენ მძაფრად სურდა მესის "კამპ ნოუდან" აბარგება, ბუნებრივია, გულისწყვეტას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ის მაინც ვიცოდით, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე მაინც იქნებოდა ბედნიერი. ახლა კი რადიკალურად სხვა ვითარებაა: მესის მთელი გულით სურდა კატალონიაში დარჩენა, მაგრამ კლუბმა მას ხელი ვერაფრით შეუწყო.

"ბარსელონა" წლების მანძილზე მიდიოდა იმისკენ, რომ გუნდის სიმბოლოს დაკარგავდა, მაგრამ ამის გასაოფიციალურებლად ზუსტად ის მომენტი შეირჩა, როცა საფრთხე ყველას გაინეტრალებული ეგონა. ანდაც, როგორ შეიძლება, ასე არ გეფიქრა, როდესაც კლუბის პრეზიდენტი მესის დარჩენასთან დაკავშირებით ლამის ყოველდღე დასმულ შეკითხვას ეშმაკური ღიმილითა და ოპტიმისტური განცხადებებით პასუხობდა, ხოლო წამყვანი ჟურნალისტები შეთანხმების გაფორმებას წუთი-წუთზე ელოდნენ. მთელ მსოფლიოში ვერ მოძებნიდით ადამიანს, ვინც მოვლენების სხვაგვარად განვითარებას ელოდა. არადა, მოვლენები სწორედ სხვაგვარად განვითარდა.

ძალიან სევდიანი იყო ჟოან ლაპორტას პრესკონფერენციაც. "ბარსას" პრეზიდენტი ისეთი უსუსური არასდროს გამოჩენილა, როგორიც დღეს იყო. კატალონიელმა კი თქვა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და გუნდში ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი, თუმცა მის ნათქვამს რიხი ნამდვილად აკლდა. რიხიც და ალბათ, რწმენაც, რადგან ვერასდროს გექნება იმ საფეხბურთო კლუბის რწმენა, რომელიც თავისი ისტორიის შემოქმედს უკანა კარიდან უშვებს. ლაპორტამ ყველაფერი წინა ბორდის მიერ დატოვებულ კატასტროფულ მემკვიდრეობას დააბრალა და ამაში მას ოპოზიცია არც ეყოლება, რადგან ხოსეპ მარია ბართომეუს საგმირო საქმეებზე ყველას შესანიშნავად მოეხსენება, თუმცა ეს ხომ ისედაც ვიცოდით. ლაპორტას დაბრუნებას "ბლაუგრანას" ქომაგები სწორედ იმიტომ შეხვდნენ ყიჟინით, რომ მისი სახით მესიას ელოდნენ. ამის მოლოდინი თავად ჟოანმა  შექმნა, როცა მთელი საარჩევნო კამპანია მესის გუნდში დატოვებაზე ააგო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ვერ დატოვა. აუსრულებელი დაპირებებით ვერც ფეხბურთის გულშემატკივარს და მითუმეტეს, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს ვერ გააკვირვებ, მაგრამ იმის გაანალიზება, რომ ქომაგთა ერთ-ერთი საყვარელი ფიგურა მთლად ყოვლისშემძლე არ ყოფილა, მაინც მტკივნეული იყო.

ცალკე საკითხია ის, თუ რა ბედი ელის ლა ლიგას. ესპანეთის ჩემპიონატმა ბოლო 4 წელიწადში თავისი 3 მთავარი ვარსკვლავი დაკარგა: ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ და ახლა ლეო მესი. თუ პირველ ორ შემთხვევაში მათი დადანაშაულება ნაკლებად შეიძლება, მესის სწორედ ლა ლიგის რეგულაციებმა "აუკრძალეს" კატალონიაში თამაში. წესები წესებად, თუმცა სხვა ჩემპიონატებში რომ ასეთი ამბები ნაკლებად ხდება და არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ სწორედ ამიტომ მიექანება ესპანეთის პირველობა TOP 5 ევროპული ჩემპიონატის უკანასკნელი საფეხურისკენ. ირონიული იყო ისიც, რომ დღეს, როცა ლაპორტას პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, ლა ლიგის ფეისბუქ გვერდზე გვიდო როდრიგესის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეო განთავსდა. გვიდოს არაფერს ვერჩით, პირიქით, შესანიშნავი ნახევარმცველია და კოპა ამერიკაზე ურუგვაისაც ლამაზი თავური გაუტანა, მაგრამ ლა ლიგის ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას როდრიგესის კალიბრის ფეხბურთელები ვერასდროს შეძლებენ. ამის შემძლებთაგან ერთ-ერთი სწორედ "ბეტისის" საყრდენის თანამემამულეა, ოღონდ ის ახლა სხვა ქვეყანაში გამოცდის ძალებს

სხვა ქვეყანაში, მაგრამ სად? ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთში. თუ ბოლო ცნობებს ვენდობით, მესი "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს კარიერას. კლუბში, რომელიც ბოლო წლებში "ბარსელონას" მოშუღარ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ლეგენდარული "რემონტადა" პარიზელებს იმდენად არ ესიამოვნათ, რომ იქიდან 4 თვეში, ნეიმარი თავისთან წაიყვანეს, მერე მარკო ვერატის "ბარსაში" გადასვლის საშუალება არ მისცეს, ახლა კი მესიც მიჰყავთ. ლეოს პერსოფანთა უმეტესობას ეს პერსპექტივა საერთოდაც არ მოსწონს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ ჩანს. იმ ცნობილი ვიდეოსი არ იყოს, მესის "ბარსელონაში" არ იღებენ, არც გვარდიოლა ეძახის და არც იქ მიიღონ, არც აქ გაჩერდეს, საით წავიდეს? კარიერას ვერ ამთავრებს და...

ასეა თუ ისე, ლიონელ მესი "ბარსას" ისტორიაში უკვე გადაშლილი ფურცელია. ძალიან დიდი და ოქროს ასოებით მორთული, თუმცა მაინც გადაშლილი ფურცელი. ლაპორტამ ახალი ეპოქის დაწყება გვამცნო და ახლა ყველაფერი მის ხელშია. ლეოს კი ჩვენ "მარსელთან" და
"დიჟონთან" მატჩებშიც ისე ვუქომაგებთ, როგორც "სევილიასთან" და "ხეტაფესთან" ვქომაგობდით. მთავარია, ბედისწერამ სადმე "ბარსელონას" არ გადაყაროს. მართალია, ბოლო წლებში "ბლაუგრანას" თავზე იმდენი უბედურება დატრიალდა, რომ გამოსარიცხი არაფერია, მაგრამ ეს ალბათ ჩვენთვისაც კი ზედმეტი იქნება.

1 თვის წინ
1623 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ