როგორც მოგეხსენებათ, ვიტორ როკეს ტრანსფერში "ბარსელონა" ფიქსირებულ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსების სახით კი შეთანხმებაში დამატებით 31 მილიონი ევრო გაიწერა.
SPORT-ის ჟურნალისტ ხოაკიმ პიერას თქმით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ "ბლაუგრანას" საბონუსე თანხის სრულად დაფარვა მოუწიოს. ჯამური ღირებულების გაზრდა მხოლოდ 45 მილიონ ევრომდეა მოსალოდნელი, რაც 61 მილიონ ევროს გვარიანად ჩამორჩება.
გარდა ამისა, ორივე კლუბს სჯერა, რომ "ატლეტიკო პარანაენსეს" მიერ როკეს მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 20%-ის მიღების პუნქტი დღის წესრიგში არასდროს დადგება, რადგან "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბრაზილიელ თავდამსხმელს არ შეელევიან.
"ატლეტიკო პარანაენსეს" ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდრე მატოსს ძალიან უნდოდა, ვიტორიც ისეთივე ძვირადღირებული ახალგაზრდა გამხდარიყო, როგორიც "პალმეირასიდან" "რეალის" მიერ შეძენილი ენდრიკი გახდა.
აქედან გამომდინარე, შეთანხმებაში 31 მილიონი ევროს ბონუსები ჩაისვა, მაგრამ მათი უმეტესობა არასდროს გააქტიურდება.
შეგახსენებთ, რომ ვიტორი "ბარსას" 2024 წლის იანვარში შეუერთდება.