"ბარსელონა" ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონს "ხეტაფესთან" გასამართი საგარეო მატჩით გახსნის.
Marca-ს ინფორმაციით, 13 აგვისტოს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუწევს თამაში.
ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს მიერ "ხეტაფეს" დასჯაა.
მადრიდული კლუბი 2017 წლის 24 ივნისს, "ხეტაფესა" და "ტენერიფეს" შორის შემდგარი მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა. აღნიშნული თამაში იმით გამოირჩა, რომ მოედანი "ლურჯების" ფანებმა დაიკავეს, რითაც "ტენერიფეს" ფეხბურთელებსა და მსაჯებს მინდვრის დატოვებაში ხელი შეუშალეს.
გულშემატკივრების დასაშლელად საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
სასამართლომ გადაწყვეტილება შემთხვევიდან 6 წლის შემდეგ გამოიტანა და "ალფონსო პერესი" ერთი მატჩით დააცარიელა. ვერდიქტს კლუბი ვერ გაასაჩივრებს, ამიტომ სეზონის უმაყურებლო სტარტი "ხეტაფესაც" და "ბარსასაც" გარანტირებული აქვთ.