"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მორიგი ინტერვიუ გასცა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწია ლიონელ მესის არშემდგარი დაბრუნების შესახებ საუბარი.
"მესის ვუთხარით, რომ როცა ფინანსური ფეარ-პლეი ამის საშუალებას მოგვცემდა, მას დავიმატებდით. დრო გავიდა, მასთან კონტრაქტზე ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ხორხე მესი მოვიდა და მითხრა, რომ "ინტერ მაიამიში" წასვლა გადაწყვიტეს.
ხორხემ თქვა, რომ ლეომ პარიზში რამდენიმე რთული სეზონი გაატარა და წნეხის ქვეშ იყო და მათ "ინტერში" გადაბარგება უნდოდათ, რათა მშვიდად ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლეოს "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა, კვლავ ზეწოლის გამოვლა აღარ ეწადა. ეს გავიგეთ.
მესისთან მას შემდეგ აღარ გვილაპარაკია, რაც მან "ინტერ მაიამი" აირჩია. მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ. ბარსელონა მუდამ მისი სახლი იქნება," - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ მესის დაბრუნების შესახებ ცნობები ივნისის დასაწყისში ვრცელდებოდა. მიუხედავად ლაპორტას სიტყვებისა, არგენტინელი მეგავარსკვლავის ბანაკს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანამ" ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს საჭირო გარანტიები ვერ მისცა, რამაც მის მიერ ფლორიდული კლუბის არჩევა განაპირობა.