კატალონიურმა Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" 20 წლის თავდამსხმელის, ანსუ ფატის მომავლის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.
ჟურნალისტი როხერ ტორელო მიიჩნევს, რომ ანსუმანეს 70 მილიონ ევროდ გაყიდვით "ბლაუგრანა" ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს.
ფატით დაინტერესებულნი არიან მიუნხენის "ბაიერნი" და ინგლისის პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბები. ზაფხულში "ბარსა" ყველაზე მეტ შეთავაზებას სწორედ თავისი ათიანის თაობაზე მიიღებს.
ტორელო განსაკუთრებით "ბაიერნის" ინტერესს გამოყოფს:
"მიუნხენში "ბარსელონათი" შეპყრობილნი არიან. გასულ წლებში პედრის, გავისა და ფრენკი დე იონგის შეძენის უშედეგო მცდელობების შემდეგ, ახლა მათ თვალი ფატის დაადგეს. "ბაიერნი" მომართულია იმისკენ, რომ ზაფხულში ანსუ შეიძინოს."
ახალგაზრდა ფორვარდის მომავლის შესახებ გუშინ შეკითხვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცს დაუსვეს. ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფატის გაყიდვა დღის წესრიგში არ დგას და შემტევი მის გეგმებში არ შედის.
ბუნებრივია, მთავარი მწვრთნელის განცხადებებიდან რაიმე მყარი დასკვნის გამოტანა ნაკლებადაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ფატიმ სეზონის მეორე ნახევარში თამაშის ხარისხი არ გაზარდა, არ გამოვრიცხოთ, კლუბმა იგი ტრანსფერზე მართლაც დააყენოს. ბავარიაში სწორედ ამას ელოდებიან.