როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის ხვალ გასამართი ამხანაგური მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი ფეხბურთელებს შორის გავრცელებული გასტროენტერიტია.
ესპანურმა პრესამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბანაკის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ცნობები გაავრცელა.
ტონი ხუანმარტის თქმით, ვირუსი "ბარსას" 12 ფეხბურთელს აღენიშნება. ჩავი ინფიცირებული არ არის. ხსენებული თორმეტეულის გამოჯანმრთელებას მომდევნო 48 საათში ელოდებიან.
წყაროს თანახმად, ვირუსი პირველებს ჟიულ კუნდესა და ალეხანდრო ბალდეს გამოუვლინდათ. ორი დღის წინ მათ ამის გამო ვარჯიშიც გააცდინეს.
ახლა სიმპტომები სხვა ფეხბურთელებსაც აღენიშნებათ. მათ შორის არიან ორიოლ რომეუ და ერიკ გარსია.
არსებობს საკმაოდ დიდი შანსი იმისა, რომ "ბარსასა" და "ბიანკონერის" ჯახი საერთოდ აღარ შედგეს. თუ ასე მოხდა, 2-3 მილიონი ევრო, რომელიც კლუბს ამ შეხვედრით უნდა ეშოვნა, სხვა გზით მოსაპოვებელი გახდება. კატალონიურ გრანდში ალტერნატიულ გზებს უკვე ეძებენ.
ცნობისთვის, ესპანურ-იტალიური დაპირისპირება თბილისის დროით 06:30 საათზე უნდა დაწყებულიყო.