როგორც იცით, საუდის არაბეთი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სახელოვანი ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად გვევლინება.
არაბებმა უკვე წაიყვანეს ქარიმ ბენზემა, ნ'გოლო კანტე, რობერტო ფირმინო, რუბენ ნევეში, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და სხვა ცნობილი მოთამაშეები. ახლა "ალ ჰილალი" "პსჟ-დან" კილიან მბაპეს გადაბირებას ცდილობს და მზადაა, ამ ოპერაციაში ჯამში მილიარდ ევრომდე გაიღოს.
ცხადია, არაბული ტალღა გულგრილად არც "ბარსელონას" ჩაუვლის.
Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "ალ ჰილალს" "ბლაუგრანას" პოლონელი გოლეადორის, რობერტ ლევანდოვსკის გაფორმება უნდა.
მათ 35 წლის შემტევის ცდუნება ზაფხულის დასაწყისში სცადეს, თუმცა რობერტისგან პასუხად მიიღეს, რომ ბარსელონაში ბედნიერია და მის დატოვებას არ აპირებს.
წყაროს თანახმად, "ალ ჰილალი" ლევანდოვსკის 2024 წლის ზაფხულში, გაუმჯობესებული შეთავაზებით მიუბრუნდება. არაბები იმედოვნებენ, რომ რობერტს იმ დროისთვის აზრი შეცვლილი ექნება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსაში" თავის სადებიუტო სეზონში გამოცდილმა ცხრიანმა 33 გოლი გაიტანა. მან ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც მოიგო.