"ბარსელონაში" გაოცებულნი არიან იმ სათამაშო დონით, რომელსაც ფერმინ ლოპესი პრესეზონზე აჩვენებს, - იუწყება ტონი ხუანმარტი.
ფერმინი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. შეუძლია მარცხენა გარემარბად თამაშიც. გასულ სეზონში იგი "ლინარესში" გახლდათ განათხოვრებული. ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ჩატარებულ 37 მატჩში თავი 12 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა, რაც მის შედეგიანობაზე კარგად მეტყველებს.
წყაროს თანახმად, ლოპესით აღფრთოვანება პედრი გონსალესმა და ალეხანდრო ბალდემ პირად საუბრებში უკვე გამოხატეს.
20 წლის ფეხბურთელი ახლოსაა პაბლო გავისთან, რადგან "ლა მასიაში" მასთან ერთად უთამაშია.
Sport წერს, რომ ჩავი ერნანდესს უნდა, ლოპესს კიდევ დააკვირდეს, რათა გაიგოს, იმსახურებს თუ არა მომდევნო სეზონში პირველ გუნდში შანსის მიცემას.
ერთადერთი, რისი თქმაც დაზუსტებით შეგვიძლია, ის გახლავთ, რომ "ბარსასა" და "არსენალის" ამხანაგურ შეხვედრაში ესპანელი ნახევარმცველი აუცილებლად ითამაშებს.
ცნობისთვის, "ბლაუგრანა" "მეთოფეებს" 27 ივლისს, თბილისის დროით 06:30 საათიდან შეხვდება.