"ბარსელონამ" ამერიკული ტურნეს პირველი ამხანაგური მატჩი ლონდონის "არსენალთან" დათმო, ანგარიშით 3:5.
მიუხედავად ამისა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" რობერტ ლევანდოვსკისა და რაფინიას გოლით ორჯერ იგებდნენ, "მეთოფეებმა" მაინც იძალეს. ლონდონელთა რიგებიდან გოლები ბუკაიო საკამ, კაი ჰავერცმა, ლეანდრო ტროსარმა (დუბლი) და ფაბიუ ვიეირამ გაიტანეს, "ბარსადან" კი მესამე ბურთი ფერან ტორესმა შეაგდო.
წაგებული შეხვედრა "ბარსას" თავკაცმა ჩავი ერნანდესმა შეაფასა.
"ინტენსიურობა, რომელიც "არსენალმა" ამ თამაშში ჩადო, არანორმალური გახლდათ. ამხანაგური მატჩისთვის ისინი ზედმეტად ხშირად ჯარიმდებოდნენ. მესმის, რომ გამარჯვება ყველას უნდა, თუმცა არტეტას ვუთხარი, რომ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდნენ.
დაცვაში დღეს სუსტები ვიყავით.
მათ უკვე რამდენიმე მატჩი აქვთ ნათამაშები, ჩვენთვის კი პრესეზონზე პირველი შეხვედრა იყო. უფრო მომზადებული მეტოქის წინააღმდეგ პოზიტიური ნიშნები დავინახეთ.
გავიმ დღეს ზურგის ტკივილის გამო არ ითამაშა. დისკომფორტი აქვს ლანგლესაც. ბალდე შესანიშნავი იყო," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ამხანაგური "ბარსას" 30 ივლისს, თბილისის დროით 01:00 საათიდან ელოდება. კატალონიელები მადრიდის "რეალს" შეეჯიბრებიან.