ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენს" "ბარსელონას" 26 წლის გარემარბის, უსმან დემბელეს დამატება უნდა. RMC Sports-ს თუ დავუჯერებთ, პარიზელები ახლა უსმანისგან ელოდებიან მწვანე შუქს, რათა მისი 50-მილიონევროიანი გამოსასყიდი თანხა, რომელიც მხოლოდ 31 ივლისამდეა მოქმედი, გააქტიურონ.
აღნიშნულ ცნობებს გამოეხმაურნენ ესპანური მედია-საშუალებებიც.
Mundo Deportivo და Sport იტყობინებიან, რომ უსმანს "ბლაუგრანაში" უნდა დარჩენა.
"დემბელე "პსჟ-სთან" არ შეთანხმებულა და არც ოფიციალური შეთავაზება მიუღია. "პსჟ-მ" ინტერესი გამოხატა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი მის აგენტს უკავშირდებიან. ფეხბურთელი "ბარსელონაში" ბედნიერია," - წერს Cadena Cope-ს ჟურნალისტი, ელენა კონდისი.
ადრიან სანჩესი და ხავიერ მიგელიც გვარწმუნებენ, რომ კატალონიურ გრანდში მშვიდად არიან.
ერთადერთი, რაც ახლა "ბარსას" აფიქრებს, უსმანის აგენტია. დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" კი ფიქრობენ, რომ არაა გამორიცხული, "პსჟ-ს" ინტერესზე აგორებული ხმები ვარსკვლავის აგენტის ხრიკი იყოს.
ცნობისთვის, "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი ფრანგს 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს. 1-ლი აგვისტოდან მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდება.